მანიპულაცია 6
განცხადებები
2026 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე სავიზო დიალოგის შესახებ კომენტირებისას განაცხადა:
„შეგახსენებთ, რომ ბრიუსელმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს სავიზო მოთხოვნა დაუწესა. მან დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი თავად არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ზუსტად იმ მომენტში, როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. შემდეგ კი, ამ დარღვევის როგორმე დასაფარად, მათ მიიღეს სპეციალურად საქართველოსთვის მორგებული რეგულაციები, გადაუხვიეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას. მათ სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მიმართ იყენებენ, სადაც ჩვენგან საკუთარი გემოვნებისამებრ ნებისმიერის მოთხოვნა შეუძლიათ.”
2026 წლის 13 ივნისს თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, დაამატა:
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპული ბიუროკრატია მუდმივად შანტაჟს უწევს საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციითა და უვიზო მიმოსვლის საკითხით… ახსნა ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ აპატიონ ქართველ ხალხს ის, რომ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, აკეთებს იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და არავის აძლევს საშუალებას, საქართველო საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს.”
ორივე განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის ორმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგის შეხვედრის კომენტირებისას. განცხადებების ერთიანი ჩარჩო — ბრიუსელის წარმოჩენა უკანონო, თვითნებურ აქტორად, რომელიც საქართველოს გამორჩევით სამიზნედ აქცევს — თავადვე მეტყველებს კოორდინირებულ საკომუნიკაციო ხაზზე და არა ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რეაქციაზე.
რას ცხადყოფენ ფაქტები
- 2010/2011 წლის შეთანხმებით პირდაპირ არის გათვალისწინებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა — ევროკავშირმა საკუთარ ხელშეკრულებას მიმართა, არ დაურღვევია იგი.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2010 წელს გაფორმდა და 2011 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში, შეიცავს მე-14 მუხლის მე-5 პუნქტს, რომელშიც სიტყვასიტყვით ნათქვამია: „თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ეს შეთანხმება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მეორე მხარეს უნდა ეცნობოს მისი ძალაში შესვლის არაუგვიანეს 48 საათით ადრე.”[1] შეთანხმებაში და მის დანართში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირმა „შესაძლოა მიმართოს შეთანხმების და, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის ნაწილობრივ შეჩერებას” — რაც მოიცავს დიპლომატიური პასპორტების დებულებას, რომელიც დავის საგანსაც წარმოადგენს.
2025 წლის 27 იანვრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამ (EU) 2025/170 შეაჩერა ზუსტად ის დებულებები, რომელთა შეჩერების უფლებასაც ხელშეკრულება ანიჭებს მას — მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი, მე-5, მე-6, მე-7 მუხლები და მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი — და ეს გააკეთა „მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად”.[2] სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირმა იმოქმედა იმ დებულების საფუძველზე, რომელსაც თავად საქართველომ მოაწერა ხელი და მოახდინა მისი რატიფიცირება. ხელშეკრულების შეჩერება ამავე ხელშეკრულებაში ჩაწერილი შეჩერების დებულების საშუალებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად.
- „მხოლოდ საქართველოსთვის მოგონებული რეგულაციები” სინამდვილეში ევროკავშირის ზოგადი სამართალია, რომელიც დაახლოებით 60 ქვეყანას ეხება.
ის ინსტრუმენტი, რომელსაც პაპუაშვილი სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილად წარმოაჩენს, არის 2025 წლის 26 ნოემბრის რეგულაცია (EU) 2025/2441, რომელმაც შეცვალა ევროკავშირის მოქმედი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი (რეგულაცია (EU) 2018/1806). ეს ჰორიზონტალურად მოქმედი კანონია: სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი 2013 წლიდან არსებობს და ვრცელდება ყველა იმ მესამე ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს — ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, დაახლოებით 60 ასეთი ქვეყანაა.[6][7] რეფორმამ დაამატა შეჩერების ახალი ზოგადი საფუძვლები — საგარეო ურთიერთობების გაუარესება, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, ჰიბრიდული საფრთხეები, ინვესტიციით მოქალაქეობის („ოქროს პასპორტის”) სქემები და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა — და დასწია სტატისტიკური ზღვრები (მაგალითად, 50%-დან 30%-მდე უარყოფილ შემოსვლათა ან ვადაგადაცილებათა მკვეთრი ზრდის შემთხვევაში). არცერთი ამ საფუძველთაგანი არ ასახელებს საქართველოს. ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის საკუთარი იმპლემენტაციური აქტი (რეგულაცია (EU) 2026/496) ცალსახად აცხადებს, რომ ეს არის „პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი, გაძლიერებული სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი გამოიყენება”[4] — ანუ ზოგადი ინსტრუმენტი, რომელიც პირველად გამოიყენეს, და არა ერთი ქვეყნისთვის შექმნილი ინსტრუმენტი.
- ღონისძიება სამიზნედ აქცევს თანამდებობის პირებს და არა „ქართველ ერს” — და დოკუმენტურად დადასტურებული საფუძვლები აქვს.
კ. კალაძის „მოსახლეობის შანტაჟის” ნარატივის საპირისპიროდ, შეჩერება ვრცელდება მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე — მთავრობის, პარლამენტის, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრებსა და ოფიციალურ დელეგაციებზე. საბჭო, ევროკომისია და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ყველა ცალსახად აცხადებს, რომ „საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელები არიან, კვლავ ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”.[2] რეფორმა სპეციალურად ისე იქნა შემუშავებული, რომ ევროკავშირს მთელი მოსახლეობის ნაცვლად გადაწყვეტილების მიმღები პირების სამიზნედ არჩევის შესაძლებლობა მისცემოდა, ეს გაკეთდა სწორედ იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ჩვეულებრივი მოქალაქეების დასჯა.[7]
კალაძის მიერ დასახელებული მიზეზი „დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება” – არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ შეიცავს და ერთი პოლიტიკოსის სუბიექტურ, მცდარ დეკლარაციას წამოადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ, დოკუმენტურად დადასტურებულ გარემოებებს, ისინი მდგომარეობს შემდეგში: ევროკომისიის 2024 წლის დეკემბრის წინადადება მიუთითებს „ქართული ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე”, რომელიც დაიწყო მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომ იგი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ დაიწყებდა, აგრეთვე 2024 წლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” (უცხოელი აგენტების) კანონსა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” კანონმდებლობაზე.[8][9]
ძირითადი მანიპულაცია
მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები აერთიანებს რამდენიმე მანიპულაციურ მეთოდს: პირველი, უკანონობის ცრუ მიწერა (სემანტიკური ინვერსია): პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ ცხადი სახელშეკრულებო დებულების — მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა — გამოყენებას „საერთაშორისო სამართლის დარღვევად” ეარმოაჩენს. შეჩერების სახელშეკრულებო უფლების გამოყენება წარმოჩენილია ხელშეკრულების დარღვევად; აღნიშნულით სამართლებრივი რეალობა შებრუნებულია და საპირისპიროდ არის წარმოჩენილი.
მეორე, ცრუ კონკრეტიზაცია: ევროკავშირის ზოგადი რეგულაციები, რომელიც დაახლოებით სამოც ქვეყანას ეხება, აღწერილია როგორც „სპეციალურად საქართველოსთვის მოგონებული რეგულაციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება”. საქართველო უბრალოდ პირველი შემთხვევაა, როდესაც იგი ამოქმედდა. ქვეყნის წარმოჩენა ისეთი წესის უნიკალურ მსხვერპლად, რომელიც ყველას ეხება, მანიპულაციური კონსტრუირების კლასიკური ხერხია.
მესამე, ისტორიული და ემოციური სენტიმენტები და არსებული პრობლემის მასშტაბის გაბერვა: კალაძე თანამდებობის პირებსა და დიპლომატებზე ვიწროდ მიმართულ ღონისძიებას წარმოაჩენს „ქართველი ერის შანტაჟად” და „ქართველ ხალხზე” — „დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების” გამო — თავდასხმად. ეს ერთდროულად ზრდის მასშტაბს (თანამდებობის პირები → მთელი ერი) და დოკუმენტურად დადასტურებული ოფიციალური საფუძვლის (მომიტინგეთა რეპრესია და კანონის უზენაესობის უკუსვლა) ნაცვლად იყენებს ემოციურ, იდენტობაზე დაფუძნებულ მოტივს („მათ არ შეუძლიათ აპატიონ ქართველ ხალხს”). ღონისძიების მიზანმიმართულად ისეთი დიზაინი, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელები არ შეხებოდა, საერთოდ გამოტოვებულია.
ის, რომ ორივე გზავნილი ერთი დღის განმავლობაში გავრცელდა — პარლამენტის თავმჯდომარისა და პარტიის გენერალური მდივნისგან — და ერთსა და იმავე ნარატივს იყენებს „ბრიუსელის უკანონობის“ წინააღმდეგ ცალსახად მიანიშნებს კოორდინირებულ ქმედებაზედა არა სპონტანურ ინდივიდუალურ კომენტარზე.
დასკვნა
ევროკავშირს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი; მან 2010/2011 წლის გამარტივების შეთანხმების ნაწილები შეაჩერა მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის — სწორედ ამავე შეთანხმებაში ჩაწერილი შეჩერების დებულების — გამოყენებით. „მხოლოდ საქართველოსთვის მოგონებული რეგულაციები” სინამდვილეში არის რეგულაცია (EU) 2025/2441, იმ მექანიზმის ზოგადი რეფორმა, რომელიც დაახლოებით სამოც უვიზო ქვეყანას ეხება და რომელიც უბრალოდ აქამდე არასოდეს გამოეყენებინათ. ღონისძიება არც „ქართველ ერს” აქცევს სამიზნედ: იგი ვრცელდება მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე, ხოლო საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას ინარჩუნებენ. თანამდებობის პირთა ჩარჩო შებრუნებას უკეთებს სამართალს, აწარმოებს უნიკალური დევნის ცრუ განცდას და სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ მიზნობრივ ღონისძიებას მთელ მოსახლეობაზე თავდასხმად ბერავს.
ვერდიქტი: ტყუილი
წყაროები:
[1] EUR-Lex, „Agreement between the European Union and Georgia on the facilitation of the issuance of visas,” CELEX 22011A0225(02), მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი და ევროკავშირის დეკლარაცია შეჩერების შესახებ. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX%3A22011A0225%2802%29 [Each Party may suspend in whole or in part this Agreement for reasons of public order, protection of national security or protection of public health. The decision on suspension shall be notified to the other Party not later than 48 hours before its entry into force]
[2] ევროკავშირის საბჭო, „Georgia: Council suspends visa-free travel for diplomats and officials,” 27 იანვარი 2025. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2025/01/27/georgia-council-suspends-visa-free-travel-for-diplomats-and-officials/ [Georgian nationals who are holders of ordinary passports will continue to benefit from the visa exemption].
[3] საბჭოს გადაწყვეტილების (EU) 2025/170 მოსამზადებელი დოკუმენტები, ST-17126-2024-INIT და ST-12243-2025-INIT, რომლებიც მე-14 მუხლის მე-5 პუნქტს ასახელებენ სამართლებრივ საფუძვლად. https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-17126-2024-INIT/en/pdf .
[4] ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, „Commission suspends visa-free travel for Georgian holders of diplomatic, service or official passports under the revised Visa Suspension Mechanism,” 6 მარტი 2026 (ევროკომისიის იმპლემენტაციური რეგულაცია (EU) 2026/496; „first time that the new reinforced visa suspension mechanism is applied”). https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/commission-suspends-visa-free-travel-georgian-holders-diplomatic-service-or-official-passports-under_en
[5] 2025 წლის 26 ნოემბრის რეგულაცია (EU) 2025/2441, რომელიც ცვლის რეგულაციას (EU) 2018/1806 (გადასინჯული სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი). https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/PDF/?uri=OJ%3AL_202502441
[6] ევროკავშირის საბჭო, „Council greenlights new EU rules for the suspension of visa-free travel for third countries,” 17 ნოემბერი 2025 (მექანიზმი ვრცელდება ყველა უვიზო ქვეყანაზე; მოქმედებს 2013 წლიდან; აქამდე მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს მიმართ გამოიყენეს). https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2025/11/17/council-greenlights-new-eu-rules-for-the-suspension-of-visa-free-travel-for-third-countries/
[7] ევროკომისია, „Commission welcomes agreement on a stronger and more flexible visa suspension mechanism,” 17 ივნისი 2025 („The EU currently has a visa-free regime with 60 non-EU countries”). https://home-affairs.ec.europa.eu/news/commission-welcomes-agreement-stronger-and-more-flexible-visa-suspension-mechanism-2025-06-17_en .
[8] ევროკომისია, „Commission proposes to suspend visa-free travel for officials from Georgia,” 20 დეკემბერი 2024 (საფუძველი: მომიტინგეთა ძალადობრივი რეპრესია, უცხოელი აგენტების კანონი, ანტი-ლგბტ კანონი). https://enlargement.ec.europa.eu/news/commission-proposes-suspend-visa-free-travel-officials-georgia-2024-12-20_en.
[9] Civil Georgia, „European Commission Proposes to Suspend Visa-Free Travel for Georgian Officials,” 20 დეკემბერი 2024. https://civil.ge/archives/647122
[10] Euronews, „Brussels moves to suspend visa-free travel for Georgian diplomats as protests continue,” 20 დეკემბერი 2024 (მოქმედების ფარგლები შემოიფარგლება დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებით; წევრი სახელმწიფოები ერიდებიან ზოგად მოსახლეობაზე ზემოქმედებას). https://www.euronews.com/my-europe/2024/12/20/brussels-moves-to-suspend-visa-free-travel-for-georgian-diplomats-as-protests-continue .
[11] შალვა პაპუაშვილის განცხადება, InterPressNews, 12 ივნისი 2026. https://www.interpressnews.ge/ka/article/872483-shalva-papuashvili-gadauxvies-qovelgvar-gonivrulobas-da-savizo-mimosvlis-logikas-specialurad-sakartvelostvis-moigones-regulaciebi-romelsac-avrceleben-mxolod-sakartveloze .
[12] კახა კალაძის განცხადება, InterPressNews, 13 ივნისი 2026. https://www.interpressnews.ge/ka/article/872514-kaxa-kalaze-uvizo-mimosvlis-sakitxze-kategoriulad-miugebelia-amit-kartveli-eris-shantazhi-kartvel-xalxs-ver-patioben-rom-tavad-vigebt-gadacqvetilebebs .