რუსული უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ოპერაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ჩამოტვირთე PDF
I. კონცეპტუალური ჩარჩო: FIMI-ს განსაზღვრება
ტერმინი „უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა” (Foreign Information Manipulation and Interference – FIMI), რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (European External Action Service – EEAS) ჩამოაყალიბა, ადრინდელი, უფრო ვიწრო ცნებებისგან გააზრებულ ანალიტიკურ გამიჯვნას წარმოადგენს. ახალი განმარტებით FIMI წარმოადგენს „უმეტესწილად არაკანონსაწინააღმდეგო ქცევის მოდელი, რომელიც საფრთხეს უქმნის ან პოტენციურად უარყოფით გავლენას ახდენს ღირებულებებზე, პროცედურებსა და პოლიტიკურ პროცესებზე”.[1] ეს ფორმულირება არსებითი მნიშვნელობისაა: იგი უარს ამბობს პრობლემა დაიყვანოს მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის ჭეშმარიტების თუ მცდარობის დადგენაზე და ნაცვლად ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს ინფორმაცის სტრუქტურულ განზრახვაზე — მანიპულირებაზე, დაბნევაზე, გათიშვასა და იძულებაზე.
FIMI გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დეზინფორმაცია (განზრახ მცდარი შინაარსი), ან პროპაგანდა (სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრილი დამარწმუნებელი გზავნილები). ის ასევე განსხვავდება მცდარი ინფორმაციისგან (მცდარი შინაარსი, რომელიც მტრული განზრახვის გარეშე ვრცელდება). ყოველივე ზემოაღნიშნული FIMI-ს შემადგენელი ქვესიმრავლეებია. ამრიგად FIMI მოიცავს ინფორმაციული მანიპულაციის სრულ არქიტექტურას: მცდარი ან შეცდომაში შემყვანი შინაარსის შექმნას, მის გაძლიერებას კოორდინირებული ქსელების მეშვეობით, მის „გათეთრებას” შუამავლების გავლით სარწმუნო უარყოფის (plausible deniability) მისაღწევად, და ამასთან, ამ აქტივობების კოორდინაციას იძულების სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, როგორიცაა დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა. FIMI-ს უპირველესი მიზანი არ არის კონკრეტული ინფორმაციის დამაჯერებლობის ხელშეწყობა, მისი მიზანია საზოგადოებაში დაბნეულობისა და დეზორიენტაციის შექმნა. როდესაც ადამიანებს ცრუ მტკიცებებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეტყობინებების ნაკადი ავსებს, ისინი კარგავენ რწმენას საკუთარი მოქმედების სისწორის მიმართ.
FIMI-ს უკეთესად გააზრება შესაძლებელია თუკი მას განვიხილავთ როგორც ქცევით ნიმუშს და არა როგორც შინაარსობრივ კატეგორიას. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ჩარჩო დოკუმენტი მას ოთხი ანალიტიკური განზომილების მიხედვით ასახავს: აქტორები (ვინ ახორციელებს ოპერაციებს), ქცევა (როგორ ახორციელებენ მათ), შინაარსი (რა გზავნილებს იყენებენ) და ეფექტები (რა შედეგებს ესწრაფვიან). რუსეთის ოპერაციების მთავარი მახასიათებელია აქტივობის განზრახული, სტრატეგიული და კოორდინირებული ბუნება და არა რომელიმე ცალკეული სიცრუის ტირაჟირება.
კიდევ ერთი ცნება რომელიც უნდა გავიაზროთ რუსული ინფორმაციული მანიპულაციების კონტექსტში, ესაა ინფორმაციის გათეთრების (information laundering) ცნება, რომელიც ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრმა (NATO StratCom) შეიმუშავა. ფინანსური თანხების გათეთრების მსგავსად, ინფორმაციის გათეთრების პროცესში ხდება საეჭვო წარმოშობის შინაარსს გატარება შუამავლების ქსელში, მარგინალური ბლოგების, ადგილობრივი კომენტატორების, „დამოუკიდებელი” ექსპერტების, რელიგიური ფიგურების და მარგინალურ წყაროებზე მითითებული მეინსტრიმული მედიის გავლით, მანამ, სანამ მისი წარმოშობა არ დაიფარება და იგი თვალსაჩინოდ ლეგიტიმური კომენტარის სახით დაიწყებს ცირკულაციას.[2] ეს პროცესი მოიცავს ტექნიკას, რომლის მიზანია „თავდაპირველი წყაროს დამახინჯება და დაფარვა”, რაც მანიპულაციური ხასიათის ინფორმაციას ლეგიტიმაციის უფრო მაღალ დონეს ანიჭებს და უზრუნველყოფს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში მისი შეღწევადობის ზრდას, რაც შედარებით რთული მისაღწევია პირდაპირი სახელმწიფო პროპაგანდის გზით.
FIMI ასევე მოქმედებს ჰიბრიდული ომის უფრო ფართო ჩარჩოში , რაც გულისხმობს მშვიდობასა და ომს შორის ზღვრის განზრახ წაშლას სამხედრო, პარასამხედრო, ეკონომიკური, კიბერუსაფრთხოების და საინფორმაციო ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენების გზით. ამ კონტექსტში, FIMI არ წარმოადგენს დამხმარე ან მეორეხარისხოვან საქმიანობას, პირიქით, ის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენია. FIMI ქმნის საინფორმაციო და პოლიტიკურ გარემოს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ქმნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პირობებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ზეწოლისა და იძულების გამოყენებას და შემდგომშიც ახდენს იმ გზავნილების გამყარებას, რომლებიც მიმდინარე აგრესიას ამართლებს და ლეგიტიმაციას ანიჭებს.
II. რუსეთის სტრატეგიული მიზნები
რუსეთის FIMI ოპერაციები აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში შემთხვევითი ხასიათის არ არის. ისინი მიმართულია მკაფიოდ ამოცნობადი გეოპოლიტიკური მიზნებისკენ, რომლებიც სტაბილურად ნარჩუნდება სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტაქტიკური განხორციელების ფორმები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ეს გეოპოლიტიკური მიზნებია:
ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირება
ამ კვლევაში განხილულ ოთხივე ქვეყანაში რუსეთის მთავარი მიზანი არის ევროპულ კავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება ან უკვე არსებული დაახლოების უკუქცევა. როგორც აღნიშნულია აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) მიერ კონგრესისთვის წარდგენილ დოკუმენტში, რუსეთი ცდილობს „ეტაპობრივად აღადგინოს რუსეთის იმპერია, დაასუსტოს დასავლური დემოკრატიების თანამეგობრობა და ის ქვეყნები, რომლებიც მასში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან“[3]. ამ სტრატეგიულ მიზანს სხვადასხვა გამოხატულება აქვს: მოლდოვაში ეს გამოიხატება ხანგრძლივ საინფორმაციო ოპერაციებში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას წარმოაჩენს როგორც ეკონომიკურად დამაზიანებელ, კულტურულად საფრთხის შემცველ და გეოპოლიტიკურად სახიფათო არჩევანს. საქართველოში მსგავსი ოპერაციები მიმართულია იმ შიშის გასამყარებლად, თითქოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყანას ომში ჩართვას გამოიწვევს. სომხეთში აქტიურად ვრცელდება ნარატივი, რომლის მიხედვითაც დასავლეთს არ შეუძლია უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველყოფა. უკრაინაში კი ეს წლების განმავლობაში გამოიხატებოდა უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, მისი არჩევანისა და თვითგამორკვევის უფლების ლეგიტიმურობის უარყოფაში.
ინსტიტუციური ნდობის ეროზია
მეორადი, მაგრამ კარგად გამოკვეთილი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი — მთავრობების, სასამართლოების, საარჩევნო ადმინისტრაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ — საზოგადოებრივი ნდობის შესუსტება. მთავარი ამოცანა აქ არ არის მოსახლეობის რუსეთის მხარდამჭერად გადაქცევა. მიზანი უფრო ფართოა — შეიქმნას ცინიზმის, დაღლილობისა და პოლიტიკური პარალიზების ზოგადი გარემო, სადაც არც ერთ ინსტიტუტს არ ექნება ნდობა, არც ერთი შედეგი არ ინება მიჩნეული სანდოდ და ნებისმიერი პოლიტიკური მოქმედება ფსიქოლოგიურად დამღლელი და უიმედო გახდება. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, ისე აკადემიური მკვლევრები ამ მიზანს ე.წ. „ეპისტემური ნისლის“ (epistemic fog) შექმნის მცდელობას უწოდებენ — მდგომარეობას, რომელის დროსაც საერთო ფაქტობრივი საფუძველი და ჭეშმარიტების შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი ქრება.
პოლარიზაციის გაღრმავება
რუსეთი სისტემატურად იყენებს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ლინგვისტურ, ეთნიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ განხეთქილებებს, რათა მოახდინოს მათი შემდგომი გაღრმავება და ამ ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო იარაღად ქცევა. ამ შემთხვევაში მიზანი არის არა უმრავლესობის დარწმუნება, არამედ, მიზანია განხეთქილებების პოლიტიკური მნიშვნელობის მაქსიმიზაცია, ანუ ისეთი პირობების შექმნა, სადაც საზოგადოება იმდენად გახლეჩილია, რომ ვერ შეძლებს მდგრადი პროდასავლური უმრავლესობების ჩამოყალიბებას. რუსეთის სტრატეგიულ ლოგიკას ყველაზე ზუსტად გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ზარუდნიცკი აღწერს: „უფრო ადვილია სახელმწიფოს შიგნიდან გახლეჩა, ვიდრე მისი იარაღით დაპყრობა”.[4]
საინფორმაციო გარემოს მომზადება იძულებითი ქმედებებისთვის
FIMI-ს ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, მოსამზადებელი ფუნქცია, კერძოდ, იგი ქმნის ისეთ საინფორმაციო არქიტექტურას, რომელიც რუსეთის მხრიდან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ იძულებას, ტერიტორიულ ზეწოლას ან პირდაპირ სამხედრო აგრესიას გამართლებულად, პროვოცირებულად ან, სულ მცირე, ბუნდოვნად წარმოაჩენს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, სადაც უკრაინული სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი დელეგიტიმაცია, ეთნიკური დაძაბულობების გაძლიერება და სხვადასხვა საბაბის ხელოვნურად შექმნა წინ უძღოდა და უშუალოდ შეუწყო ხელი 2014 და 2022 წლების რუსეთის სამხედრო აგრესიას.
III. FIMI-ს ძირითადი ინსტრუმენტები, აქტორები, ინფრასტრუქტურა და არხები
რუსეთის ინფორმაციული არქიტექტურა შესაძლოა ოთხ ძირითად რგოლად დაიყოს:
- ოფიციალური სახელმწიფო არხები (დიპლომატიური განცხადებები, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მედია საშუალებები, როგორიცაა RT, Sputnik, TASS, RIA Novosti და ა.შ.);
- სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, რომლებიც ღია პოლიტიკის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ;
- სახელმწიფოსთან დაკავშირებული არხები, რომლებიც საჯაროდ არ ამჟღავნებენ თავიანთ კუთვნილებას;
- და არხები, რომელთა პირდაპირ დაკავშირება სახელმწიფოსთან შეუძლებელია, თუმცა ოპერაციულად და ინფორმაციულად მასთან თანხვედრაში არიან.
თუმცა, ზემოხსენებული ხილული, ღია ინფრასტრუქტურა, არის რუსული ინფორმაციული არქიტექტურის „აისბერგის წვერი[5]“. მათ გარდა ის მოიცავს:
სახელმწიფო და პროქსი მედია ეკოსისტემები
რუსეთმა შექმნა გლობალური სახელმწიფო მედია ინფრასტრუქტურა, რომლის ცენტრში დგას კომპანიები Russia Today (RT) და Sputnik-ი. ეს ქსელი ათობით ენაზე მოქმედ ასობით აფილირებულ ვებგვერდს და ონლაინ მედია საშუალებას აერთიანებს. ისინი მოქმედებენ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მათი საქმიანობა ოფიციალურად აკრძალულია და ამასა ე.წ. „სარკისებური ვებგვერდების“ (Mirror Webpages) მეშვეობით ახერხებენ. „Pravda/Portal Kombat“-ის ქსელი, რომელიც სულ მცირე 193 ვებგვერდისგან შედგება და რომელიც ყირიმში დაფუძნებულ საინფორმაციო კომპანია „TigerWeb“-თან არის დაკავშირებული, ყოველდღიურად მუშაობს ადგილობრივი ახალი ამბების პორტალების ხილვადობის გაზრდაზე, თუმცა, სინამდვილეში, სისტემატურად ავრცელებს კრემლის იდეოლოგიასთან თანხვედრილ საინფორმაციო მასალებს. უკანასკნელი წლების მანძილზე, მან 3,7 მილიონზე მეტი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მოლდოვას, საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინასა და სერბეთის მოსახლეობაზე იყო გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ის არ ქმნის დამოუკიდებელ, ორიგინალური შინაარსის ახალ ამბებს, ნაცვლად ამისა, ახდენს რუსული სახელმწიფო წყაროებიდან აღებული ნარატივების კოპირებას, თარგმნასა და შემდგომ გაძლიერებას.
ოპერაცია Doppelganger
ოპერაცია Doppelganger,[6] რომელიც პირველად 2022 წელს იქნა გამოვლენილი და შესწავლილი მიეწერება რუსულ კომპანიებს Struktura-სა და Social Design Agency-ს (SDA). ამ ოპერაციის ფარგლებში, იქმნება სანდო დასავლური მედიაბრენდების, როგორიცაა Le Monde, The Guardian, Der Spiegel, Fox News და ა.შ., ზუსტი იმიტაციები, რომლებიც მანიპულაციური შინაარსის ნარატივს, ინტერნეტ მისამართის ბეჭდვითი შეცდომის გამოყენების გზით ე.წ. „ტიპოსკვოტინგით“ (typosquatting)[7] მიღებულ დომენზე ათავსებენ. 2024 წელს, SDA-ს დოკუმენტების გაჟონვამ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების სახელით ახორციელებდა ინფორმაციულ კამპანიებს, რათა მხარი დაეჭირა ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალებისათვის, შეესუსტებინა უკრაინის მხარდაჭერა და ემართა კონკრეტული რეგიონული ოპერაციები.
ფარული ინფრასტრუქტურა
რუსეთის FIMI ინფრასტრუქტურის ფარული შრე ინდუსტრიული მასშტაბით ფუნქციონირებს და ფართო გეოგრაფიულ არეალზეა გაშლილი. სწორედ აღნიშნული გარემოება განასხვავებს მას ადრინდელი ინფორმაციული აქტივობისაგან. შესაბამისად, ამ ოპერაციებზე მხოლოდ რეაგირება სტრუქტურულად არასაკმარისი გახდა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი იქნა ათეულობით ათასი ანგარიში, განაწილებული ორ ათეულზე მეტ პლატფორმაზე, რომელიც აქტიურად მუშაობს ოთხმოცდაათამდე ქვეყანაში და მიმართულია რამდენიმე ასეული კონკრეტული ორგანიზაციის ან ინსტიტუციის წინააღმდეგ.[8]
მოლდოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება ეს მასშტაბური სქემა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ორიენტირებულ ოპერაციებში. 2024 წლის საპრეზიდენტო ციკლის დროს ბოტ-ქსელებმა „CopyCop“-მა და „Evrazia“-მ უპრეცედენტო ავტომატიზებული საინფორმაციო კამპანია აწარმოეს TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე, სადაც 1347 გაყალბებული ანგარიშისგან შემდგარმა მხოლოდ ერთმა TikTok-კლასტერმა დაახლოებით 42 მილიონი ქმედება განახორციელა, ხოლო 155 ანგარიშისგან შემდგარმა უფრო მცირე კლასტერმა X-ზე დაახლოებით 6 მილიონი.[9] რაც შეეხება სხვა ქვენებში წარმოებულ საინფორმაციო ოპერაციებს, როგორც ეს ქსელ „Matryoshka“-ს მაგალითზე ჩანს, ის იყენებს თვისობრივად სხვა მიდგომას. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალების მეშვეობით, რომლებიც მიმსგავსებულია სანდო დასავლურ მედიასაშუალებების მიერ შექმნილ საინფორმაციო კონტენტთან, ის გამიზნული უცხო ქვეყნების მოსახლეობის კონკრეტული სეგმენტისთვის. ასეთი ქმედებები დადასტურებულად არის გამოვლენილი დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში ასევე ბალტიის ქვეყნებში, მოლდოვასა და სომხეთში.
საქართველოს შემთხვევაში გარედან ბოტ-ქსელური აქტივობის დაბალი ხილვადობა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც დაბალი ინტენსივობის რუსული FIMI-ს საქმიანობა. ამ შემთხვევაში რუსეთი უპირატესად მოქმედებს შიდა, ქართულენოვანი მედიასაშუალებების მეშვეობით და არა საერთოევროპული ავტომატიზებული ინფრასტრუქტურით. ამასთან, რაც გადამწყვეტია, საქართველოს მმართველი პარტია თავად ფუნქციონირებს, როგორც კრემლის ნარატივების უპირველესი გამავრცელებელი ევროპული ინტეგრაციის, უკრაინაში მიმდინარე ომისა თუ ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლური „ჩარევის” თემებზე. ამ შემთხვევაში რუსეთს არ სჭირდება დამატებითი შესაძლებლობის შექმნა, რადგან, მას უკვე გააჩნია ასეთი საშუალებები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიისა და მმართველი პარტიის აპარატის სახით.
| ინსტრუმენტთა ერთობლიობა | |
| სახელმწიფო მედიის ქსელები
RT, Sputnik, TASS და RIA Novosti — სახელმწიფო მედიის ღიად მოქმედი ქსელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ენაზე მაუწყებლობენ და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მათი საქმიანობა ოფიციალურად აკრძალულია, კვლავ ხელმისაწვდომია სარკისებური ვებგვერდების მეშვეობით. |
Doppelganger-ვებსაიტები სანდო მედიასაშუალებების (მაგალითად, Le Monde, The Guardian, Der Spiegel) ზუსტი იმიტაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ ოდნავ შეცვლილი (typosquatted) დომენების ქვეშ და ავრცელებენ გაყალბებულ მასალებს, სესხულობენ რა ამ მედიაბრენდების ინსტიტუციურ სანდოობას. |
| პორტალი „Kombat“-ი / ქსელი „Pravda“ ასობით ყალბი ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. ორიგინალური კონტენტი საერთოდ არ გააჩნიათ — მათი ერთადერთი ფუნქცია კრემლის ნარატივების ავტომატიზებული და მასშტაბური გავრცელებაა. ამ ქსელის მეშვეობით უკვე გამოქვეყნებულია 3.7 მილიონზე მეტი სტატია. |
ბოტ-ფერმები და არაავთენტური ანგარიშები ათიათასობით კოორდინირებულად მოქმედი ყალბი ანგარიში TikTok-ზე, Facebook-ზე, X-სა და Telegram-ში, რომლებიც ხელოვნურად ქმნიან საზოგადოებრივი თანხმობის ილუზიას და ახშობენ ავთენტურ საზოგადოებრივ დისკუსიას. |
| ოლიგარქიული პროქსი-ქსელები
კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც აფინანსებენ ადგილობრივ მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ოპერაციებს, რითაც ქმნიან დამაჯერებელ საფარს რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის დასაფარად. |
ხელოვნური ინტელექტი და დიფფეიკები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალები, რომლებიც გამოიყენება პოლიტიკური ლიდერების ყალბი განცხადებების შესაქმნელად და დეზინფორმაციული კონტენტის მინიმალური დანახარჯით მასშტაბურად გასავრცელებლად. |
ინფორმაციის გათეთრების ჯაჭვები
რუსული ინფორმაციული მანიპულირების არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მას განსაკუთრებულ გავლენას ანიჭებს, წარმოედგენს ე.წ. „გათეთრების ჯაჭვი“. აქ პრინციპი ისეთივეა, როგორც ფულის გათეთრების შემთხვევაში. მცდარი ან მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია თავდაპირველად წარმოიშობა კრემლის მიერ კონტროლირებად წყაროებში, შემდეგ ხდება მისი გაზიარება სახელმწიფოებში არსებული მარგინალური მედიასაშუალებების მიერ. ამის შემდეგ კი ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება, ან მასზე დაყრდნობით სპეციალური სიუჟეტების მომზადება ადგილობრივი აქტორების მიერ, რომლებსაც სამიზნე აუდიტორიებთან მეტი სანდოობა გააჩნიათ, მაგალითად ადგილობრივი ჟურნალისტები, პოლიტიკური კომენტატორები, რელიგიური ფიგურები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ან ფარულად თანამშრომლობენ რუსულ სპეცსამსახურებთან, ან უბრალოდ იდეოლოგიურად იზიარებენ რუსული პროპაგანდის ხედვას. ამ მრავალსაფეხურიან პროცესში ინფორმაცია თანდათან კარგავს მისი რუსული წარმოშობის მტკიცებულებას და შესაძლებელი ხდება, მისი როგორც ადგილობრივად შექმნილ ან სულაც დამოუკიდებელ საინფორმაციო კონტენტად გავრცელება.
კიბერ მხარდაჭერილი ინფორმაციული ოპერაციები
უნდა აღინიშნოს, რომ FIMI სულ უფრო მეტად იკვეთება კიბეროპერაციებთან. გატეხვისა და გაჟონვის (hack-and-leak) კამპანიები იყენებენ ნამდვილ — ან გაყალბებულ — მოპარულ დოკუმენტებს დეზინფორმაციის შესაქმნელად. ასე მაგალითად, მოლდოვაში ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო. რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერთა ჯგუფებმა, მათ შორის Fancy Bear-მა (APT28), კიბერთავდასხმები გაახორციელა სომეხ სამხედრო პერსონალსა და დიპლომატებზე. საქართველოში 2019 წელს განხორციელებულმა კიბერშეტევებმა, რომლებიც მიეწერება რუსეთის GRU-სთან დაკავშირებულ ჯგუფ Sandworm-ს, მკაფიოდ აჩვენა კიბერ- და ინფორმაციული ოპერაციების ინტეგრაცია. ამ შეტევების სამიზნეს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუტები, მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ხოლო am ვებგვერდების კოორდინირებული დეფეისმენტი (defacement)[10] აძლიერებდა პოლიტიკურ გზავნილებს და ზრდიდა დაბნეულობას საზოგადოებაში. უკრაინაში, ომისწინა პერიოდში კიბერ- და ინფორმაციული ოპერაციები სისტემატურად იყო ინტეგრირებული, რაც ქმნიდა დაბნეულობას ინფორმაციულ გარემოში და ამძაფრებდა სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას.
ხელოვნური ინტელექტითა და სინთეზური შინაარსით მხარდაჭერილი ოპერაციები
რუსულ FIMI ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტი იქცა ეფექტურობის გაზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად. აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია არა იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდა ფუნდამენტურად ახალი ტაქტიკის დანერგვა, არამედ იმით, რომ მან უკვე არსებული და მოქმედი ტაქტიკებისთვის შეამცირა ოპერაციული ხარჯები, გაზარდა სიჩქარე და გააფართოვა მასშტაბი. რუსული ხელწერა კარდ სჩანს მთელ პოსტსაბჭოთა სამეზობლოში. და ის მოიცავს ფაბრიკაციულ (Deepfake) ვიდეო და ფოტო მასალას. ამასთან ხშირია შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული შინაარსის ფაბრიკაციები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაას რუსულ საინფორმაციო ოპერაციებში წარმოადგენს ის ფაქტი, რასაც აშშ-ში დაფუძნებული მედიის სანდოობის შეფასებისა და დეზინფორმაციის მონიტორინგის ორგანიზაცია „NewsGuard“ მონაცემთა მიზანმიმართულ მანიპულირებას ე.წ. „LLM grooming“-ს უწოდებს. ეს გულისხმობს მონაცემთა წყაროების, უპირველესად კი „Wikipedia“-ს, მიზანმიმართულ „დაბინძურებას“ (poisoning) Pravda/Portal Kombat-ის ქსელის მიერ. შედეგად, დიდი ენობრივი მოდელები (Large Language Models – LLM-ები), რომლებიც გამოიყენება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა „Meta“, „Perplexity“,“Mistral“ და ა.შ., ამ მანიპულირებული წყაროებიდან იღებენ და შემდგომში იმეორებენ კრემლის ნარატივებთან თანხვედრილ ცრუ ინფორმაციას სამიზნე ქვეყნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად მოდელების ოპერატორების განზრახვას არ წარმოადგენს.[11]
ეს უკანასკნელი გზა მნიშვნელოვან ცვლილებას აჩვენებს: იგი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ღია დიზაინს აქცევს ავტომატიზებულ სისტემად, რომელიც ინფორმაციას ჯერ კიდევ გავრცელების ეტაპზე, ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევის გარეშე, ათეთრებს და ამუშავებს.
IV. ოპერაციული გრამატიკა: მეთოდები და ნიმუშები
ოთხივე საკვლევ ქვეყანაში რუსეთის FIMI-ოპერაციები მკაფიო სქემას მიჰყვება — განმეორებად ტექნიკათა ერთობლიობას, რომელიც თითოეული სამიზნე ქვეყნის სპეციფიკას ერგება, თუმცა ერთიან და თანმიმდევრულ მოქმედებათა მოდელს ეფუძნება.
საინფორმაციო გზავნილის (ნარატივის) დანერგვა და გაძლიერება
საწყის ეტაპზე საინფორმაციო ოპერაცია იწყება ხელმისაწვდომი არხების მეშვეობით ნარატივის გავრცელებით — როგორც წესი, რუსეთის სახელმწიფო მედიის ან მასთან დაკავშირებული Telegram-ანგარიშების საშუალებით — რის შემდეგაც მას უფრო ფართო საინფორმაციო ეკოსისტემა აძლიერებს. Pravda-ს ქსელი ასეთი გაძლიერების ინდუსტრიული მასშტაბის მაგალითს წარმოადგენს: სინქრონიზებული გზავნილები ვრცელდება მის 50-ზე მეტ ენაზე არსებულ 129 დაკავშირებულ ვებგვერდზე. მთავარი აქ შინაარსის ორიგინალურობა კი არა, მისი გავრცელების მოცულობა და კოორდინაციაა, რაც იქმნის სპონტანურად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი თანხმობის შთაბეჭდილებას იქ, სადაც სინამდვილეში ასეთი თანხმობა არ არსებობს.
ადგილობრივი ავტორიტეტული პირების მეშვეობით ნარატივის ლეგიტიმაცია
ნარატივის საწყისი დანერგვისა და გავრცელების შემდეგ, იგი გადაეცემა ადგილობრივ აქტორებს, რომლებსაც ის სანდოობა გააჩნიათ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო წყაროებს არ აქვთ. ეს ადგილობრივი ავტორიტეტები — პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები — გზავნილს საკუთარი ძალისხმევით და საკუთარი კულტურული კონტექსტის შესაბამისად ავრცელებენ, ხშირად ისე, რომ ნარატივის წარმოშობის წყაროს არც იცნობენ და არც აღიარებენ. საინფორმაციო ოპერაციაში ეს ყველაზე ძლიერი ფენაა: ის უცხოურ ჩარევას ერთი შეხედვით ადგილობრივი პოლიტიკური გამოხატვის ფორმად გარდაქმნის.
საინფორმაციო სივრცის გაჯერება და გადატვირთვა
მესამე ოპერაციული ფენა პირველ ორთან შედარებით განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს. თუ საწყის ეტაპზე ნარატივი საინფორმაციო სივრცეში შედის, ხოლო შემდგომ მისი ადგილობრივი აქტორების მეშვეობით გავრცელება მას სანდოობას ანიჭებს, გაჯერების მიზანი, პირველ რიგში, საერთოდ არ არის აუდიტორიის დარწმუნება. მისი ამოცანა სამიზნე აუდიტორიის განსჯისა და შეფასების უნარის დასუსტებაა.
როდესაც საზოგადოება ერთდროულად და დიდი მოცულობით იღებს ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს, ემოციურად დატვირთულ ფრაგმენტებსა და ისეთ წყაროებს, რომელთა წარმომავლობის დადგენაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ხელმისაწვდომ დროში შეუძლებელია, ამას შედეგად მოჰყვება იმ გონებრივი პირობების შესუსტებაა, რომლებიც ინფორმაციის შეფასებას ახდენს. ამ ოპერაცის შედეგად საზოგადოება არა იმდენად დარწმუნებულია, რამდენადაც გადაღლილი და გამოფიტული. ხოლო გადაღლილი ამომრჩეველი, როგორც წესი, ან კიდევ უფრო მყარად უბრუნდება საკუთარ წინასწარ ჩამოყალიბებულ პარტიულ იდენტობას, ან საერთოდ კარგავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ინტერესს. ორივე შედეგი ხელსაყრელია ავტორიტარული აქტორებისთვის, რაც სწორედ ამ მეთოდის სტრატეგიულ მნიშვნელობას განაპირობებს.
2024 წლის მოლდოვის საარჩევნო ციკლმა ეს ტექნიკა განსაკუთრებით კონცენტრირებული ფორმით აჩვენა: დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ კამპანია ფარგლებში „ამომრჩეველი გადატვირთული იყო იმდენად დიდი მოცულობით მცდარი ინფორმაციით, რომ ვეღარ შეძლებოდა სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა“.[12]
წინააღმდეგობა როგორც მეთოდი
რუსეთის FIMI-ოპერაციებში ხშირად ერთდროულად ურთიერთგამომრიცხავი ნარატივები გამოიყენება. მაგალითად, ერთდროულად შეიძლება ვრცელდებოდეს მტკიცება, რომ უკრაინა ნაცისტური სახელმწიფოა და რომ უკრაინელ სამხედროებს საკუთარი სამხედრო სარდლობა ჩაგრავს; ან რომ ევროკავშირი მოლდოვას აღატაკებს და ამავე დროს მას დასავლეთის აგრესიის პლაცდარმად იყენებს.
ეს წინააღმდეგობები შემთხვევითი არ არის. მათი მიზანია დაბნეულობისა და დეზორიენტაციის გამოწვევა, მკაფიო პოლიტიკური განსჯისთვის აუცილებელი შემეცნებითი საფუძვლების შესუსტება. სწორედ ამას უწოდებენ ანალიტიკოსები „არაფერი არ არის ჭეშმარიტი“ ლოგიკას. როდესაც საკმარისად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია დიდი მოცულობით ვრცელდება, აუდიტორია კარგავს საკუთარი განსჯის უნარისადმი ნდობას, რომ განსაზღვროს, საერთოდ რა არის სიმართლე.
ემოციური მიზნობრივი ზემოქმედება
რუსული FIMI თანმიმდევრულად ანიჭებს უპირატესობას ემოციურ ზემოქმედებას და არა ფაქტობრივ სიზუსტეს. ემოციები სამიზნე აუდიტორიის სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით განსხვავდება: მაგალითად შიში — ომის, ნატოს, ეთნიკური ან ეროვნული იდენტობის დაკარგვისა და ანტი-LGBTI ნარატივებთან დაკავშირებული „მორალური დაკნინების“ — ის ძირითადად კონსერვატიულ და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზეა გათვლილი; იმედგაცრუება და უკმაყოფილება — ეკონომიკური უთანასწორობისა და ურბანული ელიტების მიმართ — ეკონომიკურად მარგინალიზებულ ჯგუფებში; დამცირების განცდა — სამხედრო მარცხებისა და დიპლომატიური წარუმატებლობების გამო — იმ საზოგადოებრივ ჯგუფებში, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტრავმულ გამოცდილებას გადიან და ა.შ.
სომხეთში მთიანი ყარაბაღის დაკარგვა გამოიყენებოდა მიტოვებისა და ღალატის ყოვლისმომცველი ნარატივის შესაქმნელად — პასუხისმგებლობა კი დასავლეთს მიეწერებოდა და არა რუსეთს, რომელსაც ამ მოვლენებზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება. საქართველოში ტერიტორიული დანაკარგის ტრავმა და 2008 წლის ომის მემკვიდრეობა გამოყენებულია დასავლეთის მხრიდან მიტოვებისა და დასავლეთის არაეფექტიანობის შესახებ ნარატივების გასაძლიერებლად, რითაც ხდება რუსეთის პასუხისმგებლობისგან ყურადღების გადატანა.
სხვა ინსტრუმენტებთან სინქრონიზაცია
რუსული FIMI იშვიათად მოქმედებს იზოლირებულად. მოლდოვასა და საქართველოში საინფორმაციო ოპერაციები კოორდინირებული იყო ენერგორესურსების ფასებით მანიპულაციასთან, ეკონომიკურ ემბარგოებთან, ხმების მოსყიდვის ქსელებთან და სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კიბერშეტევებთან. იგივე მეთოდები ახლა სომხეთის წინააღმდეგაც გამოიყენება. უკრაინაში, 2022 წლამდე, ნარატივების წინასწარი მომზადება სისტემატურად იყო სინქრონიზებული სამხედრო ძალების გადაადგილებასთან, დიპლომატიურ მანევრებსა და ეკონომიკურ ზეწოლასთან.
სწორედ ეს სინქრონიზაცია განსაზღვრავს FIMI-ს, როგორც ჰიბრიდული ომის კომპონენტს და არა როგორც დამოუკიდებელ გავლენის ოპერაციას: ის თითოეული ცალკეული ინსტრუმენტის იძულებით ეფექტს ერთმანეთის გამაძლიერებელ მექანიზმად გარდაქმნის.
V. სტრუქტურული მოწყვლადობა რომელთაც რუსეთი იყენებს
რუსული FIMI-ს ეფექტიანობა მკვეთრად განსხვავდება ადგილობრივი პირობების მიხედვით. ამის გასაგებად აუცილებელია აგრესორის ინსტრუმენტების განხილვიდან სამიზნე ქვეყნის სტრუქტურული გარემოს ანალიზზე გადავიდეთ.
ენობრივი დამოკიდებულება და მედია გარემო
ოთხივე ქვეყანაში რუსულენოვანი მედია აუდიტორია ეთნიკურად რუს მოსახლეობას ბევრად სცდება. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა კულტურულმა ინტეგრაციამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღებას შეაჩვია, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეროვნული ენები დომინირებს.
მოლდოვაში გაგაუზიის მოსახლეობის 90% ახალ ამბებს რუსულენოვანი მედიის საშუალებით იღებს. სომხეთში კვლავ ხელმისაწვდომია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია და Sputnik. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რუსული ენა რჩება. ომამდე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული ენა დომინირებდა.
ეს ენობრივი არხი კრემლის გზავნილების გავრცელებისთვის ბუნებრივ გზას ქმნის და რუსეთის სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ დაწესებული ფორმალური აკრძალვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა.
სუსტი ინსტიტუტები და საზოგადოების დაბალი ნდობა
იმ საზოგადოებებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობა ხანგრძლივად დაბალია — რაც, როგორც წესი, კორუფციით, კანონის შერჩევითი აღსრულებითა და ელიტების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლით არის განპირობებული — რუსული FIMI-ის გზავნილებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.
USIP-ის მიერ მოლდოვის შესახებ გაკეთებული შეფასება მარტივად შეიძლება ოთხივე ქვეყანაზე გავრცელდეს: „სიღარიბე ფართოდ არის გავრცელებული, ინსტიტუტები სუსტია, ხოლო კორუფცია — ყოვლისმომცველი“.[13]
სწორედ ეს ქმნის საზოგადოებებში სტრუქტურულ ღიაობას იმ გზავნილებისა და ინტერპრეტაციების მიმართ, რომლებსაც რუსეთი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
მოუგვარებელი კონფლიქტები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები
თითოეულ სამიზნე ქვეყანას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრავმული გამოცდილება აქვს, რომელსაც რუსეთი სისტემატურად იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. მოლდოვისთვის ეს არის დნესტრისპირეთი და გაგაუზია; საქართველოსთვის — სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები; სომხეთისთვის — მთიანი ყარაბაღის კატასტროფული დანაკარგი; უკრაინისთვის კი — ყირიმი და დონბასი.
ეს მოუგვარებელი კონფლიქტები ერთდროულად ასრულებს ორ ფუნქციას: ერთი მხრივ, ისინი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებას წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ — საზოგადოებაზე ემოციური ზემოქმედების მნიშვნელოვან წერტილებს ქმნის.
ეკლესიის ავტორიტეტი და იდენტობის პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სომხეთის სამოციქულო ეკლესია თავიანთ ქვეყნებში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტებს შორის არიან. რუსულმა FIMI-მ ამ ინსტიტუტების გავლენის გამოყენება შეძლო ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც — LGBTQ+ თემის, ფემინიზმის და დასავლური „ღირებულებების“ წინააღმდეგ — რელიგიურად კონსერვატიული იერარქიების შეხედულებებს ეხმიანება და შემდგომ საეკლესიო ქადაგებებისა და სხვა საჯარო პლატფორმების მეშვეობით ფართო აუდიტორიამდე აღწევს.
კრემლი რუსეთს სტრატეგიულად წარმოაჩენს „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველად „დასავლეთის მორალური გახრწნის“ წინააღმდეგ. ამგვარი წარმოდგენა რეალურ გამოხმაურებას პოულობს იმ საზოგადოებებში, სადაც ეკლესიის ავტორიტეტი კვლავ მაღალია.
VI. კონკრეტული შემთხვევების ანალიზი
- სომხეთი
ქვეყნის პროფილიმოსახლეობა: დაახლოებით 3 მილიონი; რუსეთთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/CSTO) ფორმალური მოკავშირე, ვიდრე ორგანიზაციაში მონაწილეობის ფაქტობრივ შეჩერებამდე 2024 წელს; მთიან ყარაბაღში ზედიზედ ორი სამხედრო მარცხი (2020 და 2023 წლები), რასაც მოჰყვა 100 000-ზე მეტი სომეხის იძულებითი გადაადგილება და რეგიონის დე ფაქტო პოლიტიკური არსებობის დასრულება; პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აქტიურად ატარებს დასავლეთთან დაახლოების კურსს; მოსახლეობაში კვლავ ძლიერია რუსეთთან კულტურული, ენობრივი და ეკონომიკური კავშირები; ოპოზიცია დაქსაქსული და უმეტესწილად არაპოპულარულია; დემოკრატიული ინსტიტუტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან როგორც შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის, ისე რუსეთის ჩარევის გამო. |
|
სომხეთი ამ ოთხი შემთხვევიდან გასაანალიზებლად ყველაზე რთულია — ქვეყანა, რომელიც ერთდროულად იყო რუსეთის უსაფრთხოების სისტემის ხანგრძლივი პარტნიორი, რუსეთის გეოპოლიტიკური მანიპულაციის მსხვერპლი და ახლა, დასავლეთისკენ პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მცდელობის პარალელურად, სულ უფრო ინტენსიური რუსული ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) სამიზნე ხდება. რუსული დეზინფორმაციის მოდელი სომხეთში უკიდურესად ოპორტუნისტულია, სავსეა ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებით და ემოციურ ექსპლუატაციაზეა აგებული. იგი მორგებულია ომისშემდგომი ტრავმების კონკრეტულ ერთობლიობას და არა ერთიან, თანმიმდევრულ იდეოლოგიურ პროექტს.
სტრუქტურული დამოკიდებულება: რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი
ინფორმაციული განზომილების განხილვამდე აუცილებელია პირდაპირ ითქვას, თუ რას ეფუძნება სომხეთში რუსეთის გავლენა მატერიალურ დონეზე. სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტრუქტურული დამოკიდებულების სისტემა და საბჭოთა პერიოდის ვალების საკითხის მოგვარება აქცია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი კონტროლის საშუალებად.
„გაზპრომმა“ სომხეთის გაზის გადაცემისა და განაწილების მთელი ქსელის — 1 683 კილომეტრი გაზსადენის — 100%-იანი კონტროლი მოიპოვა შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მას ადგილობრივ ბაზარზე წვდომას 2043 წლამდე უზრუნველყოფს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის პირობებში სომხეთი 1 000 კუბურ მეტრ გაზში დაახლოებით 165 აშშ დოლარს იხდის, რაც საბაზრო ფასის დაახლოებით მესამედია და ამ ენერგეტიკული დამოკიდებულებიდან ცალმხრივ გამოსვლას ეკონომიკურად უკიდურესად მძიმე ნაბიჯად აქცევს. „რუსეთის რკინიგზას“ სომხეთის სარკინიგზო ქსელის მართვის 30-წლიანი კონცესია აქვს 2038 წლამდე. მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელიც სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს, სრულად არის დამოკიდებული „როსატომის“ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე; მისი ექსპლუატაციის ლიცენზია 2036 წლამდეა გაგრძელებული. რუსულ-სომხური წარმოშობის მილიარდერ სამველ კარაპეტიანის „ტაშირ ჯგუფი“ ფლობს ელექტროენერგიის განაწილების ქსელსა და სევან-რაზდანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადს.
ჯერ კიდევ 2024 წლის მონაცემებით, რუსეთზე მოდიოდა სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 46%, ფულადი გზავნილების 70% და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60%.[14] ეს საბჭოთა პერიოდისგან შემორჩენილი უბრალო ეკონომიკური გადაჯაჭვულობა არ არის; ეს არის ვალების აქტივებში გადაცვლის სისტემური სქემების შედეგად მიზანმიმართულად შექმნილი დამოკიდებულება. მისი სტრატეგიული ლოგიკა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა პირდაპირ ჩამოაყალიბა 2014 წელს: „ეს შეთანხმება 30 წლის განმავლობაში გვაძლევს სომხეთის ბაზარზე წვდომის გარანტიას.“[15]
ფაშინიანის კამპანია რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიული ქსელების წინააღმდეგ
რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის ერთ-ერთი სტანდარტული ინსტრუმენტი — მოსკოვთან დაკავშირებული ოლიგარქების შიდა პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირება — სომხეთში ვერ მუშაობს იმავე ფორმით, როგორც სხვა ქვეყნებში. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ფაშინიანმა რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიული ქსელის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ სამართლებრივი და პოლიტიკური მოქმედებები დაიწყო: სისხლის სამართლებრივი დევნა შეეხო ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს, სომხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოლიგარქ გაგიკ წარუკიანს და სამველ კარაპეტიანს, რომლის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ბიზნესი, 2025 წელს, ნაციონალიზაციის პროცესის დაწყების მოლოდინში, სახელმწიფოს მართვის ქვეშ გადავიდა.
რუსეთის რეაქციამ კარაპერიანის პოლიტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა და სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აუცილებელი დახმარების გასაწევად მზად იყო“, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის მთავრობამ სომხეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. კრემლის რეაქციამ ნათლად აჩვენა, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკვე ნაცნობი სურათი: რუსეთთან ფინანსური კავშირების მქონე ოლიგარქიული ქსელები კრემლის პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვან საყრდენად იქცევა.
სომხური სამოციქულო ეკლესია, როგორც რუსეთის გავლენის არხი
სომხეთში რუსული საინფორმაციო ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხური სამოციქულო ეკლესიის — ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტის — პრორუსული გზავნილების გავრცელების არხად ქცევა. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ვლადიმირ პუტინისგან პირადად მიიღო რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენი.[16] მას საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ რუსეთი, სომეხი ხალხის „მეორე სამშობლოა“ და თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა ფაშინიანის ნაბიჯებს აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევის, საზღვრის დელიმიტაციისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამასთან გარეგინ II პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც მოითხოვდა.
კათალიკოსის ძმამ, არქიეპისკოპოსმა ეზრას ნერსისიანმა — რომელიც სომხური ეკლესიის რუსეთის ეპარქიის ხელმძღვანელია — 2023 წელს საჯაროდ აკურთხა ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული „არბატის ბატალიონი“, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის. მოგვიანებით სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ეზრასი საბჭოთა კგბ-მ გადაიბირა და დღეს ის აგრძელებს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.
დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 2025 წელს: სასულიერო პირები სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით დააკავეს, ფაშინიანმა კი გარეგინ II საჯაროდ „სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მოიხსენია.[17] აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში ეკლესიის რეფორმირების დღის წესრიგს ათმა განსხვავებული პოზიციის მქონე ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი და კათოლიკოსის გადაყენება მოითხოვა.
ამ შემთხვევაშიც რუსეთის რეაქცია კარაპეტიანის საქმეში გამოვლენილი მოდელის მსგავსი იყო: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეკლესიის წინააღმდეგ „დაუსაბუთებელი თავდასხმების“ შეწყვეტა მოითხოვა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი მომხდარი „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა, ხოლო რუსმა პროპაგანდისტებმა სომხეთის მოსახლეობას ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ მოუწოდეს. ეკლესია-სახელმწიფოს კრიზისი და წინასაარჩევნო პერიოდის თანხვედრა შემთხვევითი არ არის: „იორკთაუნის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას იმ ქვეყანაში, სადაც მისი გავლენის სხვა ინსტრუმენტები თანდათან შესუსტდა, „მოსკოვის უკანასკნელ ბერკეტად“ მოიხსენიებენ.
„სომხეთის მიტოვების“ თემით მანიპულირება
მთიანი ყარაბაღის კატასტროფულმა დაკარგვამ – 2020 წლის სამხედრო მარცხმა და 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ სადავო ტერიტორიის სრულად დაკავებამ, რასაც 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა – სომხეთის საინფორმაციო გარემო ძირეულად შეცვალა.
რუსეთმა, რომლის სამშვიდობო ძალებმაც აშკარად ვერ შეძლეს 2023 წლის სამხედრო ოპერაციის აღკვეთა, საკუთარი ფიასკოს მიუხედავად, წარმატებით გამოიყენა ეს კრიზისი დასავლეთის გულგრილობისა და რუსეთის შეუცვლელობის შესახებ ნარატივების გასაძლიერებლად. ვრცელდებოდა ყალბი ბრალდებები სომხური მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ, ასევე შეთხზული ბრალდებები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უფრო ფართო საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მთავარი გზავნილია: „დასავლეთთან თანამშრომლობა საშიშია.“
გზავნილი ყოველგვარი კონკრეტული მტკიცების გარეშე ვრცელდება და მოიცავს: თითქოს ევროპასთან ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის სომხეთის სუვერენიტეტს; დასავლელი შუამავლები აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებულნი არიან; ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი სომხეთის ნაცვლად დასავლეთის ინტერესებს ემსახურება და ა.შ.
2026 წლის ივნისის საარჩევნო კამპანია
2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის ყველაზე რთულ გამოცდად იქცა სომხეთისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში ერთდროულად მოქმედებდა ხუთი იდენტიფიცირებული რუსული ქსელი, რომლებმაც ასობით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი, ყალბი ვიდეო გაავრცელეს. მათი საერთო მიზანი შიშის გაღვივება იყო: თითქოს ფაშინიანი სომხეთს რუსეთთან ომში ჩაითრევდა.
კრემლიდან გაჟონილმა დოკუმენტებმა დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უშუალო მონაწილეობა ყალბი მედიისა და დეზინფორმაციული ინფრასტრუქტურის საქმიანობის კოორდინირებაში. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა დააფიქსირეს 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სქემა, რომლის მიზანი იყო რუსეთში მცხოვრები 100 000 სომეხი ამომრჩევლის არჩევნებზე ჩაყვანა. ამავდროულად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი სომხეთის წევრობის შეჩერებით იმუქრებოდა, ხოლო რუსეთმა სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ფაქტიურად რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის სრული არსენალი იქნა მობილიზებული ერთი საარჩევნო ციკლის წინააღმდეგ.
რა განასხვავებს სომხეთს
სომხეთი „პრო-რუსული“ ქვეყანა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავ ღრმად არის რუსეთზე სტრუქტურულად დამოკიდებული. ქვეყანაში ხელმისაწვდომია რუსული სახელმწიფო ტელევიზია და „Sputnik“-ის პროდუქცია, ხოლო მოსახლეობის ნაწილში კვლავ ძლიერია რუსეთთან კულტურული და ენობრივი კავშირები.
უფრო ზუსტი იქნება სომხეთის დახასიათება, როგორც სადავო საინფორმაციო სივრცისა, სადაც რუსული FIMI კონკურენციას უწევს როგორც რეალურ პროდასავლურ საზოგადოებრივ განწყობებს, ისე დასავლური მიმართულებისკენ ორიენტირებულ ხელისუფლებას. ამასთან, ომითა და ტერიტორიული დანაკარგებით ტრავმირებული მოსახლეობის მთავარი სისუსტე რუსეთთან იდეოლოგიური სიახლოვე კი არ არის, არამედ სრულიად რეალური უსაფრთხოების შიში — შეძლებს თუ არა საერთოდ რომელიმე გარე ძალა სომხეთის უსაფრთხოებისა და გადარჩენის უზრუნველყოფას.
სომხეთის მდგომარეობის პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რუსულ FIMI-ს შეზღუდული ბუნებრივი გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ ვერ შეძლეს რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღის დაცემა აღეკვეთათ. თუმცა რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ისეთ სტრუქტურულ ბერკეტებს, რომელთა სწრაფად აღმოფხვრაც მხოლოდ პროევროპული პოლიტიკური ნების არსებობით შეუძლებელია.
- საქართველო
ქვეყნის პროფილიმოსახლეობა — დაახლოებით 3.7 მილიონი; 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები — სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი — რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარა; ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (დაახლოებით 75%) უჭერს; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს და კავშირები აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან; მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს და მკვეთრად პრორუსულ განწყობებს ავლენს; 2022 წლის შემდეგ ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა გაღრმავდა და სულ უფრო თვალსაჩინო გახდა წინააღმდეგობა მთავრობის გზავნილებსა და ქვეყნის ოფიციალურად დეკლარირებულ ევროინტეგრაციის კურსს შორის. |
საქართველო მოლდოვასგან თვისობრივად განსხვავებულ შემთხვევას წარმოადგენს. საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) გავლენა ძირითადად არა რუსეთის პირდაპირი საინფორმაციო გზავნილებით ან გარე პროქსების მეშვეობით ან ფინანსური მხარდაჭერით მიიღწევა, არამედ ქვეყნის შიგნით მოქმედი და საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებული აქტორების მეშვეობით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მასთან დაკავშირებული მედია, ხელისუფლების მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარკვეული ჯგუფები. ამ აქტორებს რეალური საზოგადოებრივი და კულტურული ავტორიტეტი აქვთ და კრემლის ინტერესებთან თანხვედრილ გზავნილებს ქართულ ენაზე, საქართველოსთვის დამახასიათებელი კულტურული და პოლიტიკური კონტექსტის გამოყენებით ავრცელებენ.
ივანიშვილის მოდელი: რუსეთის მიერ პოლიტიკური გავლენის დამკვიდრების ყველაზე წარმატებული მაგალითი
საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) გასაგებად აუცილებელია იმ პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების პირდაპირ განხილვა, რომლებზეც ეს სისტემა დგას. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული სტრატეგიული ინსტრუმენტი იყო მოსკოვთან ღრმა ფინანსური კავშირების მქონე ოლიგარქების ადგილობრივ პოლიტიკურ სისტემებში დამკვიდრება. უკრაინაში ამის მაგალითი იყო ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვაში — იგორ დოდონი. ასეთი ფიგურები გრძელვადიან ინსტრუმენტებად გამოიყენებოდნენ ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად. საქართველოში ეს მოდელი სხვა შემთხვევებზე გაცილებით მდგრადი აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა — იმავე ქაოსური პრივატიზაციისა და ეკონომიკური რესურსების მითვისების სისტემების ფარგლებში, რომლებმაც საბოლოოდ პუტინის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა წარმოშვა. მან მნიშვნელოვანი აქტივები და წილები დააგროვა „გაზპრომში“, „როსიისკი კრედიტ ბანკში“ და რუსეთის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში. ამ აქტივების შენარჩუნება, თავის მხრივ, დიდწილად დამოკიდებული იყო კრემლის კეთილგანწყობაზე.
2012 წელს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და დღემდე ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახორციელებს კულისებიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, იგი ყოფილი და მოქმედი „ქართული ოცნების“ მთავრობების მთავარ და საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებად რჩებოდა. 2023 წლის დეკემბერში მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, რითაც ფორმალურადაც დააფიქსირა ის პოლიტიკური როლი, რომელსაც მანამდე არაფორმალურად ასრულებდა.
2024 წლის დეკემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილი სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოს დემოკრატიული პროცესების რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ „შერყევის მცდელობებისთვის“. მისი ერთ-ერთი ახლო მოკავშირე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ უკვე 2023 წელს იყო სანქცირებული, როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) დაკავშირებული პირი.[18]
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში თოთხმეტწლიანი ყოფნის შედეგად საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მაგალითად იქცა. საქართველო, რომელიც ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში რეგიონში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად მიიჩნეოდა — იყო სამხრეთ კავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და რომელმაც უვიზო მიმოსვლა მიიღო — თანმიმდევრულად დაშორდა ლიბერალური დემოკრატიის მოდელს.
სასამართლო სისტემა აღმოჩნდა კონკრეტული მოსამართლეთა ჯგუფის გავლენის ქვეშ, რომელსაც ხშირად „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს“ უწოდებენ. ამ ჯგუფის კავშირები ივანიშვილთან, არსებული შეფასებების თანახმად, ჯერ კიდევ 2015–2016 წლებში განმტკიცდა არაფორმალური შეთანხმებებით. 2023 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქსელის ოთხ წევრს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდების გამო სანქციები დაუწესა.
ამავე პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და წამყვანი კერძო ტელეარხები ან ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა, ან მათი დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. 2024 წლის ივნისში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც არსებითად იმეორებდა რუსეთის 2012 წლის ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მოდელს. კანონი მკაცრად გააკრიტიკეს ვენეციის კომისიამ, ევროკომისიამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლის გაძლიერება — იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალაუფლების მიმართ ქვეყანაში ერთ-ერთ უკანასკნელ ინსტიტუციურ შემაკავებელ მექანიზმს წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ მსხვილი ოპოზიციური ძალების ლიდერთა უმრავლესობა პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბი სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსში გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით განსხვავებულად აისახება, თუმცა სამივე ძირითადი შეფასების საერთო მიმართულება მკაფიოა.
V-Dem-ის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2018 წლის პიკთან შედარებით 2024 წლისთვის 37%-ით შემცირდა და ქვეყანა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაბლა აღმოჩნდა.[19] Freedom House-ის „თავისუფლება მსოფლიოში“ ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2012–2025 წლებში 30%-ით დაეცა.[20] ამასთან, Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსი — რომელიც საარჩევნო პროცესსა და არჩევნებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს შედარებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და, შესაბამისად, ინსტიტუტების თანდათანობით რღვევას უფრო ნელა ასახავს — 2013 წლის პიკთან შედარებით 11%-იან შემცირებას აფიქსირებს. შედეგად, 2024 წელს საქართველომ „ჰიბრიდული რეჟიმის“ სტატუსი მიიღო. ამრიგად, სამივე ინდექსი ერთსა და იმავე ზოგად სურათს აჩვენებს: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ხანგრძლივი, სისტემური და მზარდი ტენდენციაა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტის — ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (CACI) — ანალიტიკოსები საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას კვაზიდიქტატურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ იგი სულ უფრო მეტად უახლოვდება ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის მოდელს.[21]
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროპის საბჭომ 2024 წლის ივნისში დე ფაქტო შეჩერებულად გამოაცხადა. თავად „ქართულმა ოცნებამ“ კი 2024 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებას 2028 წლამდე არ აპირებდა.
ქვეყანა, რომელიც 2013 წელს რეალურად განიხილებოდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად, ათწლეულის შემდეგ თავისი პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურებით უფრო მეტად უახლოვდება კონსოლიდირებულ ავტორიტარულ სახელმწიფოს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.
ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მიერ ოლიგარქიული გავლენის მოდელის დამკვიდრების ყველაზე სრულყოფილი და წარმატებით განხორციელებული შემთხვევაა. იგი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე იანუკოვიჩის შემთხვევა, რომელიც „მაიდანის“ შედეგად ხელისუფლებას ოთხ წელიწადში ჩამოშორდა, და უფრო ღრმად არის ინსტიტუციურად ფესვგამჯდარი, ვიდრე დოდონის მმართველობა, რომელმაც თანამდებობა ერთი საარჩევნო ციკლის შემდეგ დაკარგა.
„ქართული ოცნება“, როგორც FIMI-ის გამტარი
EUvsDisinfo-ს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, „არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ძირითადი პროპაგანდისტული პლატფორმები საქართველოში რუსეთის FIMI-ის ინსტრუმენტების ფუნქციას ფაქტობრივად ასრულებენ“. ამავე ანალიზში აღნიშნულია, რომ კრემლისა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა „არა მხოლოდ იდენტურ ნარატივებს ავრცელებს, არამედ მსგავს ტაქტიკასაც იყენებს“, რაც ინტერესების ძლიერი თანხვედრის გარდა, შესაძლო კოორდინაციაზეც მიუთითებს.[22]
ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გზავნილების სინქრონიზაცია.
2024 წლის აგვისტოში, როდესაც SVR-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აშშ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში ე.წ. „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას ცდილობდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღეში პრაქტიკულად იგივე ფორმულირებების გამოყენება დაიწყეს.
„გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაამკვიდრა, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნა კრემლის სტრატეგიული ინტერესი — საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თავიდან აცილება — ადგილობრივ პოლიტიკურ გზავნილად, რომელიც საქართველოს საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო სანდოდ და ნაცნობად ჟღერდა.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური არჩევანი წარმოაჩინა როგორც არჩევანი „მშვიდობასა და დასავლეთის მიერ მოტანილ ომს“ შორის. ამ გზით მმართველმა პარტიამ პოლიტიკურად გამოიყენა ომით დაღლილი საზოგადოების განწყობა — განსაკუთრებით იმ მოსახლეობის, რომელსაც 2008 წლის ომის გამოცდილება ჯერ კიდევ მკაფიოდ ახსოვს.
შედეგად, ამომრჩევლის წინაშე შეიქმნა ცრუ დილემა: ან „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, ან დასავლეთი და ომი. ამ გზავნილმა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურა, თუმცა ქართულ საზოგადოებაში იგი წარმოდგენილი იყო არა როგორც რუსეთისგან მომდინარე ნარატივი, არამედ როგორც საქართველოს საკუთარი, სუვერენული პოლიტიკური პოზიცია.
რელიგია, იდენტობა და ტრადიციული ღირებულებები
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულად დადასტურებული ტენდენცია რელიგიური და კულტურული კონსერვატიზმის გამოყენებაა საინფორმაციო მანიპულატიური გზავნილევის გასავრცელებლად და გასაძლიერებლად.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია, ქვეყნის მოსახლეობაში, ნდობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს. სწორედ ამ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ინსტიტუტის გარკვეული პლატფორმები გამოიყენება ანტიდასავლური და ანტი-LGBTQ+ გზავნილების გასავრცელებლად — გზავნილებისა რომლებიც არსებითად ემთხვევა რუსეთის მიერ „ტრადიციული ღირებულებების“ სახელით წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას.
Chatham House-ის კვლევის მიხედვით, რუსული დეზინფორმაცია ადგილობრივ კონსერვატიულ და ტრადიციულ ღირებულებებს იყენებს და განსაკუთრებით ქალებისა და LGBTI თემის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს ავრცელებს. ამ გზავნილების გაძლიერებაში კი მონაწილეობენ „ულტრამემარჯვენე, პროკრემლისტური და ნაციონალისტი პოლიტიკოსები, ასევე რელიგიური ჯგუფები“.[23]
ამგვარად, რელიგიური, კულტურული და სოციალური საკითხები საქართველოში მხოლოდ საზოგადოებრივი დებატების თემად კი არ გვევლინება, არამედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ფართო საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილად — დასავლეთის, ლიბერალური ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესაცვლელად.
რით განსხვავდება საქართველო მოლდოვისგან
მოლდოვაში FIMI-ის ეკოსისტემა მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა რუსეთის მხრიდან პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას და გარე მოთამაშეების გამოყენებას. საქართველოს შემთხვევაში კი ვითარება განსხვავებულია: FIMI-ის მთავარი გამტარები ქვეყნის შიგნით მოქმედი, ხელისუფლებასთან აფილირებული, ინსტიტუციურად და საზოგადოებრივად დამკვიდრებული აქტორები არიან.
ამ აქტორებისთვის რუსეთის მხრიდან მუდმივი პირდაპირი კოორდინაცია ხშირად არც არის აუცილებელი. მათი პოლიტიკური, ეკონომიკური ან იდეოლოგიური ინტერესები იმდენად ემთხვევა კრემლის ინტერესებს, რომ ისინი რუსეთის მიერ შექმნილ ან გავრცელებულ გზავნილებს საკუთარი ინიციატივითაც იმეორებენ და ადგილობრივ საზოგადოებაში ავრცელებენ.
სწორედ ეს გარემოება ხდის საქართველოში FIMI-ის წინააღმდეგ ბრძოლას სტრუქტურულად უფრო რთულ ამოცანად. კრემლთან დაკავშირებული Telegram-არხის აღმოჩენა, მისი კავშირების დადგენა და მისი საინფორმაციო საქმიანობის გამოვლენა შედარებით მარტივი ამოცანაა. გაცილებით უფრო რთულია იმის დემონსტრირება, რომ მოქმედი მმართველი პარტია თავად ასრულებს FIMI-ის ინსტრუმენტის ფუნქციას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკვე მხოლოდ საინფორმაციო ან ტექნიკური საკითხი აღარ არის და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- მოლდოვა
ქვეყნის პროფილიმოსახლეობა — დაახლოებით 3 მილიონი; ესაზღვრება უკრაინა და რუმინეთი; მოუგვარებელი კონფლიქტი დნესტრისპირეთში; ავტონომიური გაგაუზიის რეგიონი; ევროკავშირში გაწევრიანების გზა 2024 წელს გაიხსნა; ქრონიკულად სუსტი ინსტიტუტები; ისტორიულად ძლიერი ოლიგარქიული ქსელები; მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ინარჩუნებს პრორუსულ განწყობებს. |
განხილულ ოთხ ქვეყანას შორის მოლდოვა წარმოადგენს სტრუქტურირებული, არჩევნებზე ორიენტირებული რუსული FIMI-ის ყველაზე ინტენსიურად დოკუმენტირებულ შემთხვევას, რომელიც ხასიათდება მდგრადი ფინანსური ინვესტიციებითა და შიდა პროქსი-ინფრასტრუქტურით. რამდენიმე დამოუკიდებელი ანალიზის შეფასებით, რუსეთმა მოლდოვა ჰიბრიდული ჩარევის ტექნიკების გამოცდის პოლიგონად აქცია, რომლებიც შემდგომ დაიხვეწა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა. 2024 წელს მოლდოვაში გამოცდილი ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენებოდა ასევე სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციების შესასუსტებლად, 2026 წლის ივნისის გადამწყვეტი არჩევნების წინ.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: შეზღუდული დემოკრატიული მანდატი
2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მოლდოვაში რუსეთის ჩარევის მასშტაბი განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა. არჩევნებში, რომელიც, ყველა შეფასებით, დრამატულად წარიმართა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ მეორე ტურში გაიმარჯვა. არჩევნების ღამეს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნით საარჩევნო უბნები დაიხურა, სანდუ ჩამორჩებოდა პრო-რუს კანდიდატს — შედეგი, რომელიც ფაქტიურად ამართლებდა რუსეთის მიერ ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის მანიპულირებისა და საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციული გზავნილებით გადატვირთვაში განხორციელებულ ინვესტიციებს – თუმცა, შედეგი დიასპორის ხმებმა შეცვალა. ევროკავშირში, განსაკუთრებით კი რუმინეთში მცხოვრები მოლდოველები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მივიდნენ არჩევნებზე: დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებთან ბუქარესტში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში შეინიშნებოდა რამდენიმე კვარტალზე გადაჭიმული, საათობით გაგრძელებული რიგები; ბევრი ამომრჩეველი ხმის მისაცემად შუაღამის შემდეგაც რიგში იდგა.
დიასპორის გადამწყვეტმა მონაწილეობამ — რომელმაც სანდუსთვის საკმარისი უპირატესობა უზრუნველყო — გამოავლინა რუსული კამპანიის არსებული სტრუქტურული ასიმეტრია: რუსეთის ფინანსური და მედია ოპერაციები მიმართული იყო ქვეყნის შიდა ელექტორატის აქტივობის შესამცირებლად და მის დასაყოფად, თუმცა მას არ ჰქონდა ანალოგიური წვდომა დაახლოებით ერთ მილიონ მოლდოველზე, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება და პოლიტიკური მოლოდინები ევროკავშირში ჩამოაყალიბეს.
საბოლოო შედეგმა და იმავე დღეს ჩატარებულმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის მცირე უპირატესობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ერთდროულად წარმოაჩინა როგორც მოლდოვის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიის სიმყიფე, ისე მისი მდგრადობა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეთა სრული შემადგენლობა — მათ შორის დიასპორა — არჩევნებში მონაწილეობას ახერხებს.
ილან შორის ქსელი: ფინანსები, როგორც FIMI-ის ინსტრუმენტი
2020–2025 წლებში მოლდოვაში რუსული FIMI-ის ოპერაციულ საფუძველს წარმოადგენდა ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის გარშემო შექმნილი ქსელი. შორმა 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. გერმანიის მარშალის ფონდის მიერ დოკუმენტირებული ბრალდებების თანახმად, შორმა და მისმა პარტნიორებმა რუსეთიდან მიღებული 15 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოლდოვის დაახლოებით 130 000 მოქალაქის ანგარიშებზე გადაანაწილეს, რათა გავლენა მოეხდინათ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე — რაც, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს შეადგენდა.
ამის გარდა, რუსეთმა, სავარაუდოდ, დაახლოებით 55 მილიონი დოლარი ჩადო 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, ხოლო 2024 წლის საარჩევნო ციკლში — დაახლოებით 200 მილიონი ევრო. 2025 წლისთვის გაგაუზიის გუბერნატორი ევგენია გუცული მსჯავრდებულ იქნა მოლდოვის საარჩევნო პროცესებში რუსეთიდან მიღებული უკანონო ფინანსების გადანაწილებისთვის.
ამ ფინანსურ ინფრასტრუქტურას თან ახლდა კოორდინირებული მედია-ეკოსისტემა: შორთან დაკავშირებული TikTok-არხები, Telegram-ის ქსელები და ადგილობრივი მედიასაშუალებები მოქმედებდნენ რუსულ სახელმწიფო მედიასთან კოორდინაციაში. ეს უკანასკნელი ფორმალურად აკრძალული იყო, თუმცა ტრანსნისტრიასა და გაგაუზიაში მასზე წვდომა კვლავ შესაძლებელი რჩებოდა.
ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პერიოდში მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს 482 საინფორმაციო წყარო აშუქებდა, რომელთაგან 150 Telegram-არხი კომპრომეტირებულად შეფასდა — რაც ნიშნავს, რომ ყოველი მესამე წყარო არასანდოდ მიიჩნეოდა.
გამოყენებული ძირითადი ნარატივები
- ანტი-ევროპული – კონკრეტული და უშუალო მატერიალური ხარჯების — გაზის ფასების ზრდისა და ეკონომიკური შეფერხებების — ხაზგასმა, „ევროპული მომავლის“ არამატერიალურ და გაურკვეველ დაპირებასთან შედარებით;
- ანტი-სანდუს კამპანია: პრეზიდენტის მონაწილეობით ე.წ. ღრმა გაყალბების (deepfake) ვიდეოების გავრცელება, რომლებშიც იგი თითქოს პრორუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს, თანამდებობიდან გადადგომას აცხადებს ან ამომრჩეველთა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს;
- სუვერენიტეტის დაკარგვა: ევროკავშირში გაწევრიანების წარმოჩენა უცხო ძალებისთვის დაქვემდებარებად, რომელიც მოლდოვას კულტურულ იდენტობასა და ენობრივ უფლებებს ართმევს;
- ომის შიში: მოლდოვის მდგომარეობის პირდაპირი შედარება უკრაინის მდგომარეობასთან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე და გაფრთხილება, რომ დასავლეთთან დაახლოებას რუსეთის სამხედრო მოქმედებები მოჰყვებოდა.
გაგაუზია, როგორც სტრუქტურული ბერკეტი
გაგაუზიის ავტონომიური რეგიონი რუსეთს მოლდოვის შიდა პოლიტიკაში გავლენის განხორციელების მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. მოსახლეობის 90% რუსულენოვან მედიას მოიხმარს, ხოლო კიშინიოვთან ხანგრძლივი დაძაბულობის პირობებში გაგაუზია ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: წარმოადგენს რუსული გზავნილების გავრცელების ცენტრს, ჩარევის ოპერაციებისთვის ორგანიზაციული შესაძლებლობების წყაროს და კონფლიქტის ხელოვნურად წარმოქმნის ბერკეტს.
მოსკოვი აძლიერებდა გაგაუზიაში არსებულ შიშებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება მათ განსხვავებულ იდენტობას გააქრობს, ხოლო რეგიონის ადმინისტრაციას იყენებდა დაფინანსებისა და მობილიზაციის ოპერაციების პლატფორმად.
რა განასხვავებს მოლდოვის შემთხვევას
მოლდოვის შემთხვევა გამოირჩევა რუსეთის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ფინანსური ჩარევის მასშტაბით, კოორდინირებული მედია-ფინანსურ-საარჩევნო ჩარევის სისტემის დახვეწილობით და თანხების გასათეთრებლად ოფშორული სტრუქტურებისა და სანქცირებული ბანკების მიზანმიმართული გამოყენებით.
Carnegie Endowment-ი ამ პროცესის აღწერს, როგორც „სრულად ჩამოყალიბებულ გავლენის ეკოსისტემას“, და არა ცალკეული ოპერაციების ერთობლიობას, რაც ზუსტად ასახავს მის ხასიათს — ეს არის მუდმივად მოქმედი ინფრასტრუქტურა, რომელსაც თითოეული საარჩევნო ციკლის წინ კვლავ შეუძლია გააქტიურება და რომელიც თანდათანობით უფრო დახვეწილი ხდება.
- უკრაინა (2022 წლის ომამდე)
ქვეყნის პროფილიმოსახლეობა — დაახლოებით 44 მილიონი (2022 წლამდე); ესაზღვრება რუსეთს, ბელარუსს, მოლდოვას, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს; ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს; 2014 წლიდან დონბასში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი; 2013–2014 წლების ევრომაიდნის რევოლუცია იქცა რუსეთის მხრიდან ესკალაციის უშუალო გამომწვევ ფაქტორად; ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კონცენტრირებული იყო(2022 წლამდე) რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი; საერთო მართლმადიდებლური რელიგიური მემკვიდრეობა, რომელიც ნარატივების ფორმირებისთვის გამოიყენებოდა; რუსეთთან ისტორიულად ღრმა და სადავო ურთიერთობა; 2014–2022 წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი აწარმოებდა ყველაზე ინტენსიურ და მნიშვნელოვანი შედეგების მქონე FIMI-ის კამპანიას. |
2022 წლის თებერვლამდე უკრაინა წარმოადგენდა რუსეთის FIMI-ის ყველაზე განვითარებულ და შედეგების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან „ლაბორატორიას“ — შემთხვევას, რომელიც ყველაზე ნათლად აჩვენებს კავშირს ხანგრძლივ საინფორმაციო ოპერაციებსა და სამხედრო ესკალაციას შორის და რომელმაც განსაზღვრა სამომავლოდ ის მეთოდები, რომლებიც შემდგომ მოლდოვაში, სომხეთსა და ნაწილობრივ საქართველოში იქნა გამოყენებული.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დე-ლეგიტიმაცია
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის FIMI-ის ფუნდამენტური ფენა არ უკავშირდებოდა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ უთანხმოებას, არამედ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და ერის არსებობის ლეგიტიმურობას. ეს ნარატივი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა „ევრომაიდნის“ (2013–2014) შემდეგ, ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ უკრაინა არის „ხელოვნური წარმონაქმნი“, „კონსტრუირებული“ სახელმწიფო, რომელსაც რეალური ისტორიული ფესვები არ გააჩნია.
რუსეთი ცდილობდა უკრაინის დელეგიტიმაციას არამარტო სახელმწიფოს, ასევე ერის დონეზეც. პუტინის 2022 წლის თებერვლის გამოსვლა, რომელშიც მან ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოებრიობა, ახალი მოვლენა არ ყოფილა — იგი ათწლეულების განმავლობაში წარმოებული საინფორმაციო მომზადების კულმინაციას წარმოადგენდა.
ნაცისტური ნარატივი და ეთნიკური დევნის შესახებ ბრალდებები
უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ნაცისტური ნარატივი სტრუქტურულად განსხვავდება ამ კვლევაში განხილულ დანარჩენ სამ შემთხვევაში გამოვლენილი რუსული FIMI-ისგან. 2014 წელს შემოღებული ეს დეზინფორმაციული გზავნილი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გასამართლებლად გამოიყენებოდა და 2022 წლის თებერვლის შემდეგ მკვეთრად გაძლიერდა. მას ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული შიდა რუსული მოხმარების ფუნქცია ჰქონდა, რომელთა ანალოგიც მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის შემთხვევებში არ გვხვდება.
პირველი — რუსი მებრძოლებისა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომის მხარდასაჭერად. მეორე — და ანალიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი — რუსული იმპერიული იდენტობის საფუძველში არსებული ფუნდამენტური იდეოლოგიური წინააღმდეგობის გადაჭრა: თუ – როგორც კრემლი ამტკიცებს, უკრაინელები და რუსები, საერთო ისტორიით, ენითა და მართლმადიდებლური სარწმუნოებით დაკავშირებული ერთი ხალხია – მაშინ საჭირო იყო პასუხი კითხვაზე, რატომ ებრძოდა რუსეთი ამ მოძმე ხალხს?
ნაცისტური ნარატივი წარმოადგენს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობას. ამ ნარატივით, მტრად წარმოდგენილი იყო არა უკრაინელი ხალხი, არამედ ფაშისტების/ნაცისტების მიერ ხელში ჩაგდებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარ რუსულენოვან მოსახლეობას დევნიდა — ხელისუფლება, რომლისგანაც თავად უკრაინელებს სჭირდებოდათ „განთავისუფლება“.
EUvsDisinfo აღნიშნავს, რომ ეს ნარატივი „ძირითადად რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი“.[24] რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ნარატივი განსაკუთრებით ინტენსიურად გავრცელდა 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. მისი გააქტიურება უკრაინაში რაიმე ახალი მოვლენის პასუხი არ ყოფილა. პირიქით, ნარატივის გაძლიერება წინასწარ დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ომისთვის მომზადება და სამხედრო მოქმედების მხარდასაჭერად მობილიზება წარმოადგენდა.
2021 წელს რუსეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის საინფორმაციო კამპანიის გამოყენების შედეგად მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების მხარდაჭერა 8%-დან 48%-მდე გაიზარდა.[25] ამდენად, ეს ნარატივი უცხოური გავლენის ტრადიციული გაგებით გამოყენებული ინსტრუმენტი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა იდეოლოგიურ მექანიზმს, რომელმაც რუსულ საზოგადოებაში „ძმური“ ერის წინააღმდეგ ომის ფსიქოლოგიური მიღება შესაძლებელი გახადა.
საინფორმაციო მომზადება, როგორც საბრძოლო სივრცის ფორმირება
2022 წლის თებერვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ოპერაციები და კონვენციური სამხედრო ზეწოლა მანამდე არნახული კოორდინაციით ხორციელდებოდა. წინასწარ შეიქმნა გამოგონილი ინციდენტები, რომლებიც შემდგომ უკრაინისთვის უნდა დაებრალებინათ და სამხედრო მოქმედების საბაბად გამოეყენებინათ; სახელმწიფო მედიით ვრცელდებოდა მტკიცებები, თითქოს უკრაინა დონბასში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებდა; მზადდებოდა ბრალდებები აშშ-ის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამების შესახებ; ასევე ვრცელდებოდა გამოგონილი „გეგმა B“, რომლის თანახმადაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდა და რომლის გამოყენებაც წინმსწრები სამხედრო მოქმედების გასამართლებლად იყო გამიზნული.
ეს ოპერაციები სპონტანურად არ შექმნილა — ისინი წლების განმავლობაში დაგროვილ ნარატიულ ინფრასტრუქტურაზე იყო აგებული. მათი ემოციური ლოგიკა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „პირველმა არხმა“ გაავრცელა გამოგონილი ამბავი, თითქოს უკრაინელმა სამხედროებმა სლოვიანსკის ცენტრალურ მოედანზე სამი წლის ბიჭი ჯვარზე გააკრეს.
ეს ამბავი გამოგონილი იყო: სლოვიანსკში ლენინის მოედანი არ არსებობდა, მოწმეების მოძიება ვერ მოხერხდა და დამოუკიდებელმა რუსმა ჟურნალისტებმა ინფორმაცია 24 საათში უარყვეს. მიუხედავად ამისა, სიუჟეტმა, დაახლოებით 250 მილიონ მაყურებლამდე მიაღწია. როგორც ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი აღნიშნავს, რუსი სამხედროები, რომლებიც შემდგომ უკრაინაში შევიდნენ, ამ ისტორიას თავიანთ მოტივაციად ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი „ბავშვებისთვის“ მოვიდნენ.[26]
ჯვარცმული ბიჭის შესახებ ეს გამოგონილი ამბავი ცალკეული შემთხვევა კი არ იყო, არამედ შემდგომი პროპაგანდისტული ოპერაციების ერთგვარი მოდელი: სისასტიკის გამოგონილი ისტორიების შექმნა, რომლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია, მისი არაადამიანურად წარმოჩენა, რაც საჭირო იყო მოძმე ერის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლოგიურად მოსამზადებლად და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ემოციური მობილიზაციისთვის ნიადაგის შესაქმნელად.
| უკრაინა ყველაზე ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის FIMI შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მოქმედებებისთვის წინასწარი საინფორმაციო გარემოს შესაქმნელად — არა მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად, არამედ იმგვარი საინფორმაციო სურათის სისტემურად ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ტერიტორიულ აგრესიას იმ აუდიტორიისთვის, რომლის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანხმობაც კრემლს სჭირდება, გამართლებულად, პროვოცირებულად ან, სულ მცირე, საკამათო და ბუნდოვან მოვლენად წარმოაჩენს. |
რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა საბოლოო მიზანს
2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის FIMI-ის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიუღწევლობა ანალიტიკურად მნიშვნელოვანია. Chatham House-ის შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უკრაინას „რვა წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების შემდეგ, საკმარისი დრო ჰქონდა, რათა კარგად გაცნობოდა მოწინააღმდეგის მეთოდებს“.[27]
2015–2021 წლებში უკრაინამ, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, FIMI-ის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი ინიციატივა განახორციელა და შექმნა ინსტიტუციური მდგრადობის, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ფაქტების გადამოწმების სოლიდური ინფრასტრუქტურა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას უკრაინის სამხედრო მდგრადობამ, რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ პირდაპირ მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა ინფორმაციამ და დასავლეთის კოორდინირებულმა საკომუნიკაციო ძალისხმევამ საინფორმაციო გარემოზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.
VII. შემთხვევების შედარებითი ანალიზი
ოთხივე შემთხვევის შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოქმედების ძირითადი სქემა სტაბილურია, ხოლო მისი გამოყენების ფორმები — მოქნილი. რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში იდენტურ ოპერაციებს მექანიკურად არ იმეორებს; იგი ნაცნობი კომპონენტების კომბინაციას თითოეული სამიზნე ქვეყნის კონკრეტული სტრუქტურული მოწყვლადობის, ადგილობრივი შუამავლების ხელმისაწვდომობისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად ცვლის.
| განზომილება | სომხეთი | საქართველო | მოლდოვა | უკრაინა |
| ძირითადი მოწყვლადობა | სომხეთი — ყარაბაღის ომის შემდეგ გაძლიერებული უსაფრთხოების შიში და მიტოვებულობის განცდა | 2008 წლის ომის ტრავმა და მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი | ოლიგარქიული ქსელები, სიღარიბე, გაგაუზიასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებული გამყოფი ფაქტორები | ეთნიკური და ენობრივი დაყოფა, დონბასის კონფლიქტი და სახელმწიფოს ისტორიული დელეგიტიმაციის მცდელობები |
| ძირითადი ადგილობრივი შუამავლები | პრორუსული ოპოზიცია და კრემლთან დაკავშირებული მედია | „ქართული ოცნება“, ულტრაკონსერვატიული და ნაციონალისტური ჯგუფები | ოლიგარქიული მარიონეტული ქსელები (შორის ქსელი) და გაგაუზიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა | სეპარატისტული მარიონეტული ძალები, რუსეთის სახელმწიფო აქტორები და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტრუქტურები |
| დომინანტური გზავნილები | დასავლეთმა სომხეთი მიატოვა; დასავლეთთან თანამშრომლობა სახიფათოა | „დიფ სთეითის“ და სხვა შეთქმულების თეორიები; ანტიდასავლური ღირებულებები; ომის საფრთხით დაშინება | ევროკავშირში ინტეგრაციის მაღალი ფასი; ომის შიში; მაია სანდუს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები; სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე | „დენაციფიკაცია“; უკრაინის სახელმწიფოებრიობის არარსებობის მტკიცება; NATO-ს აგრესია; დონბასში გენოციდის შესახებ მტკიცებები |
| ფინანსური ინვესტიცია | მზარდი (Storm-1516, Foundation to Battle Injustice) | ზომიერი (პარტიული ინფრასტრუქტურის მეშვეობით) | ძალიან მაღალი (2024 წლის საარჩევნო ციკლში 200 მლნ ევროზე მეტი) | უკიდურესად მაღალი (მრავალწლიანი, სახელმწიფო დონეზე) |
| რუსეთიდან პირდაპირი გზავნილები | მაღალი და მზარდი | საშუალო (ძირითადად ადგილობრივი აქტორების მეშვეობით) | მაღალი (ილონ შორის ქსელი, Pravda, RT/Sputnik) | უკიდურესად მაღალი (სახელმწიფო მედია, დიპლომატიური არხები) |
| ადგილობრივ დონეზე გზავნილების გავრცელების სიღრმე | ზომიერი (რადიკალური ოპოზიცია და რუსეთისადმი კეთილგანწყობილი მედია) | ძალიან ღრმა (მთავრობა თავად ასრულებს გზავნილების ადგილობრივად გავრცელებისა და ლეგიტიმაციის ფუნქციას) | ზომიერი (მარიონეტული ძალები, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია) | ზომიერი (სეპარატისტული სტრუქტურები და თანამშრომლობაში ჩართული ელიტები) |
| საარჩევნო ფოკუსი | მაღალი და მზარდი | მაღალი | უკიდურესად მაღალი | მნიშვნელოვანი, თუმცა ძირითადი ფოკუსი სამხედრო მიმართულებაზე იყო |
| სამხედრო/იძულებით ზეწოლასთან ინტეგრაცია | მაღალი (ყარაბაღის დანაკარგები ქმნის შესაბამის ფონს) | საშუალო (ოკუპირებული ტერიტორიები საფრთხის მუდმივ ფონად რჩება) | საშუალო (დნესტრისპირეთი, სარაკეტო ნარჩენები, ენერგეტიკული ზეწოლა) | უკიდურესად მაღალი (FIMI სამხედრო მოქმედებისთვის წინმსწრებ ინსტრუმენტს წარმოადგენდა) |
მოდულური განხორციელების პრინციპი
ქვეყნებს შორის განსხვავდება არა სტრატეგია, არამედ მისი განხორციელების ფორმა. მოლდოვაში მთავარი ინსტრუმენტი ფინანსურია: რუსეთი აფინანსებს მარიონეტული ძალების ფართო ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც ფინანსური რესურსები გარდაიქმნება ხმებად, მედიაში გაშუქებად და პოლიტიკურ საქმიანობად. საქართველოში მთავარი ინსტრუმენტი ელიტებზე გავლენაა: მმართველი პარტია იმდენად იზიარებს მოსკოვთან თანხვედრილ ინტერესებს, რომ რუსული გზავნილების ადგილობრივად გავრცელებასა და ლეგიტიმაციას თავად უზრუნველყოფს. სომხეთში მთავარი ინსტრუმენტი ტრავმის გამოყენებაა: რუსეთის საინფორმაციო მანიპულაცია მოქმედებს უსაფრთხოების კუთხით სომხეთის მძიმე კრახის შედეგად დარჩენილი ემოციური ფონის გამოყენებით. უკრაინაში კი მთავარი ინსტრუმენტი მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს არსებობისა და ლეგიტიმურობის სისტემური უარყოფა იყო, რამაც საბოლოოდ შექმნა ის გზავნილთა სისტემა, რომელიც სამხედრო აგრესიის გამართლებას ემსახურებოდა.
ამ მოდულურ ხასიათს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკის შემუშავებაზე: ზოგადი ანტიდეზინფორმაციული მიდგომები, რომლებიც ოთხივე ქვეყანას ერთნაირად განიხილავს, უგულებელყოფს თითოეულ კონკრეტულ კონტექსტში ჩარევის ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობებს.
VIII. რატომ მუშაობს რუსული FIMI — და სად განიცდის მარცხს
რუსული FIMI-ის ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, ახერხებს თუ არა ის ამომრჩეველთა უმრავლესობის პრო-რუსულ პოზიციებზე გადაყვანას. გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგებია დღის წესრიგის ფორმირება, ნდობის ეროზია და პოლიტიკური დაქსაქსვა. ოპერაცია, რომელიც ამომრჩეველთა მხოლოდ 5%-ის დარწმუნებას ახერხებს, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალის მხარდამჭერთა 15%-ს არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, ან მმართველ კოალიციაში განხეთქილებას იწვევს, ან საკონსტიტუციო რეფერენდუმზე გადაწყვეტილებას 15%-იანი სხვაობის ნაცვლად მხოლოდ 1%-იანი სხვაობით იღებს, შეიძლება ძალზე ეფექტიანად ჩაითვალოს, თუნდაც მასობრივი დარწმუნების თვალსაზრისით „მარცხი“ განიცადოს.
მოლდოვაში 2024 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა, თუმცა საბოლოო შედეგებსა და წინასაარჩევნო კვლევებით ნავარაუდევ შედეგებს შორის სხვაობა მკვეთრად დიდი აღმოჩნდა. არსებული შეფასებების თანახმად, ამის ერთ-ერთი მიზეზი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე რუსეთის მიერ განხორციელებული მანიპულაციური ზემოქმედება იყო.
ნდობის ეროზიის ეფექტი
ხანგრძლივი FIMI-ოპერაციების ყველაზე მდგრადი შედეგი დემოკრატიული თვითმმართველობის საინფორმაციო და ინსტიტუციური საფუძვლების მიმართ ნდობის ეროზიაა. როდესაც მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ ენდონ საარჩევნო ინსტიტუტებს, მედიას ან პოლიტიკურ ლიდერებს და ეს უნდობლობა თანაბრად ვრცელდება პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ჯგუფზე, შედეგად წარმოიქმნება სწორედ ის პარალიზება და პასიურობა, რომლის გამოწვევასაც FIMI-ის ოპერაციები ისახავს მიზნად. ეს ეფექტი ერთმანეთის მომდევნო საარჩევნო ციკლების განმავლობაში გროვდება და მისი აღმოფხვრა, როდესაც ის უკვე დამკვიდრებულია, უკიდურესად რთულია.
მედეგობის ფაქტორები: სად ვერ აღწევს FIMI მიზანს
განხილული შემთხვევები ასევე გვაძლევს ინფორმაციას იმ პირობების შესახებ, რომლებიც FIMI-ის წინააღმდეგ ეფექტიან მედეგობას უზრუნველყოფს. უკრაინის მიერ 2022 წლამდე განხორციელებულმა მედეგობის გაძლიერების ღონისძიებებმა — რუსული მეთოდების წინააღმდეგ რვაწლიანმა ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა ინვესტიციებმა — მნიშვნელოვნად შეამცირა FIMI-ის დაგეგმილი ეფექტი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მოლდოვაში ერთიანმა STRATCOM-ის მიდგომამ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მედეგობის ხელშესახები გაუმჯობესება გამოიწვია 2024 წლის შედეგებთან შედარებით.
არსებული მტკიცებულებები თანმიმდევრულად მიუთითებს, რომ მედეგობის გაძლიერებას მხოლოდ საინფორმაციო პასუხები არ ჰყოფნის და საჭიროა სტრუქტურული მიდგომა: სანდო ინსტიტუციური ჩარჩოები, პლურალისტური და ფინანსურად მდგრადი მედიაგარემო, უკვე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მხოლოდ შემდგომი მხილების ნაცვლად წინმსწრები პრევენციული ინფორმირება, ასევე მოქალაქეთა მობილიზაციის შესაძლებლობები.
IX. პოლიტიკის შედეგები და რეკომენდაციები
FIMI-ს წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამიზნე უნდა იყოს არა ცალკეული მცდარი განცხადებები, არამედ ის ქსელები და არხები, რომელთა მეშვეობითაც დეზინფორმაცია იქმნება, ვრცელდება და საზოგადოებაში სანდო ინფორმაციად წარმოჩინდება. „შორ“-ის ქსელის, Pravda/Portal Kombat-ის ეკოსისტემის, Doppelganger-ის ოპერაციისა და Matryoshka-ს ბოტ-ქსელების გამოვლენა და მათი საქმიანობის შეზღუდვა სწორედ ამ სისტემურ შესაძლებლობებს ამცირებს. ფაქტების გადამოწმება და დეზინფორმაციის მხილება უკვე გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე რეაგირებაა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმ ქსელების გამოვლენა და დაშლა, რომლებიც ასეთ ინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ. დასავლეთის პოლიტიკაშიც სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება შეკავებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მიდგომა — კონკრეტული აქტორების წინააღმდეგ სანქციების გამოყენება, დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღება და ყალბი ანგარიშებისა და კოორდინირებული მანიპულაციური ქსელების წინააღმდეგ ონლაინ პლატფორმების ერთობლივი მოქმედება.
ადგილობრივი შუამავლების გამოვლენა და მხილება
პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე, თუმცა ანალიტიკურად აუცილებელი ზომაა იმ ადგილობრივი შუამავლების გამოვლენა და საჯაროდ მხილება, რომლებიც უცხოეთიდან მომდინარე დეზინფორმაციულ გზავნილებს ქვეყნის შიგნით სანდო და მისაღებ ფორმაში ავრცელებენ. ასეთ როლს შეიძლება ასრულებდნენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური ფიგურები, რომლებიც რუსეთის გზავნილებს ადგილობრივ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონტექსტს უსადაგებენ.
საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც მმართველი პარტია თავად ხდება ასეთი გზავნილების საზოგადოებაში გავრცელების მთავარი შუამავალი, საინფორმაციო გარემოს ეფექტიანი დაცვა ამ სტრუქტურული რეალობის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
თითოეულ ქვეყანაზე მორგებული მიდგომები
შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ FIMI-ს წინააღმდეგ მიმართული ერთიანი პოლიტიკა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ერთნაირად ვრცელდება, ხშირად ვერ ითვალისწინებს იმ კონკრეტულ სფეროებს, სადაც ჩარევა ყველაზე მეტად არის საჭირო. მოლდოვაში აუცილებელია უკანონო ფინანსური ნაკადებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ქსელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება. საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. სომხეთში საჭიროა თანმიმდევრული და მიზანმიმართული სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელიც სანდო დასავლური ჩართულობის გზით უპასუხებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეალურ შიშებს. ეს მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებს არ უნდა გულისხმობდეს — საჭიროა კონკრეტული დიპლომატიური და უსაფრთხოების სფეროში შედეგებიც. უკრაინის გამოცდილება კი აჩვენებს, რომ FIMI-ს წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი ინვესტიცია კრიზისის დაწყების შემდეგ რეაგირება კი არა, კრიზისამდე საზოგადოების მდგრადობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებაა.
არჩევნების პერიოდში ადრეული გაფრთხილების მექანიზმები
არჩევნების პერიოდები FIMI-ის ოპერაციებისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონე პერიოდებია. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და პარტნიორებს შორის ადრეული გაფრთხილების სისტემები — ცნობილი ოპერატორებისა და ქსელების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, წინმსწრები პრევენციული ინფორმირების კამპანიების კოორდინაცია, საარჩევნო ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვა და უცხოური ფინანსური ნაკადების შესახებ გამჭვირვალობის გაზრდა.
მოლდოვის 2025 წლის არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ დროულ და კოორდინირებულ საერთაშორისო მხარდაჭერას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე იმ გარემოშიც კი, სადაც ქვეყანაზე განსაკუთრებით ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება. ამ მექანიზმებში არჩევნებამდე, და არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, უწყვეტი ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის განხორციელებაც დემოკრატიულ მთავრობებს შეუძლიათ.
პლატფორმების პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის მართვა
სოციალური მედიის პლატფორმები — TikTok, Facebook, X, Telegram და YouTube — ოთხივე შესწავლილ შემთხვევაში FIMI-ის ოპერაციების გავრცელების ერთ-ერთ ძირითად არხად იქცა. პლატფორმების ოპერატორებზე მუდმივი ზეწოლის გაძლიერება, რათა მათ საკუთარი წესების შესაბამისად აღკვეთონ კოორდინირებული არავთენტური ქცევა, ჯერ კიდევ არასაკმარისად გამოყენებული შესაძლებლობაა. FIMI-ის ქსელების შესახებ სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია რეალურ პლატფორმულ რეაგირებაში უნდა გადაიზარდოს, ხოლო იქ, სადაც პლატფორმების ნებაყოფლობითი მოქმედება საკმარისი არ აღმოჩნდება, უნდა ამოქმედდეს მარეგულირებელი მექანიზმები და პასუხისმგებლობა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დიფფეიქებისა და სხვა სინთეზური მასალის შექმნის მზარდი შესაძლებლობები ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამასთანავე, არსებობს დადასტურებული რისკი, რომ დიდი ენობრივი მოდელები თავადაც შეიძლება დაეყრდნონ მანიპულირებულ ინფორმაციას, მათ შორის Wikipedia-ს ყალბ ან კლონირებულ ვებსაიტებზე განთავსებულ მასალას, და შემდეგ ეს ინფორმაცია მომხმარებელს სანდო ინფორმაციის სახით მიაწოდონ. ამ საფრთხეების მოსაგვარებლად სპეციალური მექანიზმების შექმნა უკვე აღარ არის სამომავლო ამოცანა — სომხეთის შემთხვევა აჩვენებს, რომ ეს საფრთხეები უკვე პრაქტიკაში რეალიზდება.
რუსული FIMI მის უშუალო სამეზობლოში სისტემური და არა ეპიზოდური მოვლენაა. ის უნდა განვიხილოთ როგორც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდითა და სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენება, თუმცა ერთი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად: ხელი შეუშალოს რუსეთის საზღვრებთან სუვერენული, დემოკრატიული და დასავლეთისკენ ორიენტირებული სახელმწიფოების განმტკიცებას.
[1]European External Action Service, “Information Integrity and Countering Foreign Information Manipulation & Interference (FIMI)”, EEAS, https://www.eeas.europa.eu/eeas/information-integrity-and-countering-foreign-information-manipulation-interference-fimi_en. იხ. აგრეთვე EEAS, 2nd EEAS Report on Foreign Information Manipulation and Interference Threats, January 2024. [“a mostly non-illegal pattern of behaviour that threatens or has the potential to negatively impact values, procedures and political processes”] არაოფიციალური თარგმანი;
[2]NATO Strategic Communications Centre of Excellence, Information Laundering in the Nordic-Baltic Region, Riga, December 2020, p. 5, https://stratcomcoe.org/cuploads/pfiles/nato_information_laundering_small_file_10-12-2020-1.pdf;
[3]Donald N. Jensen, “Russian Interference in the 2024 Moldovan Presidential Election and Constitutional Referendum”, Testimony before the U.S. Helsinki Commission, United States Institute of Peace, 12 November 2024, https://www.usip.org/publications/2024/11/russian-interference-2024-moldovan-presidential-election-and-constitutional. [“to rebuild the Russian empire piece by piece, undermine the Western community of democracies and those who wish to join it”] არაოფიციალური თარგმანი;
[4]Colonel-General Vladimir Zarudnitsky, Chief of the Military Academy of the General Staff of the Russian Armed Forces, paraphrased in Dmitry Gorenburg, “Moscow Conference on International Security 2014 (Part 2: The Panels)”, PONARS Eurasia, 2014, https://www.ponarseurasia.org/article/moscow-conference-international-security-2014-part-2-panels. [“it is easier to divide a state from within rather than conquer it with arms”] არაოფიციალური თარგმანი;
[5] 3rd EEAS Report on Foreign Information Manipulation and Interference Threats, March 2025;
[6]ტერმინი მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან „Doppelgänger”, რომელიც ითარგმნება, როგორც „ორეული”. ის აღნიშნავს ფართომასშტაბიან, კრემლის მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ძირითადად ევროპული ქვეყნებსა და შეერთებულ შტატების წინააღმდეგ არის მიმართული. რუსული დეზინფორმაციული ოპერაცია 2022 წლის ბოლოს იქნა გამოვლენილი EU DisinfoLab-ისა და Qurium Media Foundation-ის მიერ;
[7]ტიპოსკვოტინგი (typosquatting) აღნიშნავს ისეთი ცრუ ვებგვერდების ან დომენების შექმნის პრაქტიკას, რომელთა სახელებიც განზრახ ჰგავს ლეგიტიმურს, რათა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები, რომლებიც აკრეფისას შეცდომებს უშვებენ (“www.bbcc.com” შესაძლოა ნამდვილ www.bbc.com-ს ბაძავდეს);
[8]European External Action Service, 3rd EEAS Report on Foreign Information Manipulation and Interference Threats, March 2025, https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/documents/2025/EEAS-3nd-ThreatReport-March-2025-05-Digital-HD.pdf;
[9]EEAS, 3rd Annual Report on Foreign Information Manipulation and Interference Threats (Brussels: European External Action Service, 2025). მონიტორინგის ჯამური მაჩვენებლები და მოლდოვის საარჩევნო მონაცემები ამ ანგარიშიდანაა აღებული; მოლდოვის მაჩვენებლები დადასტურებულია 2024 წლის საარჩევნო ციკლის დამოუკიდებელი გამოძიებებით;
[10] Defacement – წარმოადგენს კოორდინირებულ კიბერშეტევის ტაქტიკას, რომლის დროსაც უცხო ან მტრულად განწყობილი აქტორები უკანონოდ აღწევენ ოფიციალური ვებგვერდის, მედიასაშუალების ან საჯარო ონლაინ-პორტალის სისტემაში და ცვლიან მის ხილულ შინაარსს ან ვიზუალურ იერსახეს.
[11]McKenzie Sadeghi and Isis Blachez, “A Well-funded Moscow-based Global ‘News’ Network Has Infected Western Artificial Intelligence Tools Worldwide with Russian Propaganda,” NewsGuard, 6 March 2025, https://www.newsguardrealitycheck.com/p/a-well-funded-moscow-based-globa;
[12]DFRLab, “Analysis: Why Moldova is a make-or-break moment to combat Russian interference,” 16 October 2024, https://dfrlab.org/2024/10/16/moldova-election-analysis/. [“overwhelm voters with so much misleading information that they are unable to discern truth from lies”] არაოფიციალური თარგმანი;
[13]United States Institute of Peace, “Russia’s Hybrid War on Europe: Moldova’s Critical Next 15 Months”, 1 May 2024, https://www.usip.org/publications/2024/05/russias-hybrid-war-europe-moldovas-critical-next-15-months. [“poverty is widespread, institutions are weak, and corruption is rampant”] არაოფიციალური თარგმანი;
[14]მონაცემები სხვადასხვა წყაროდანაა აღებული, მათ შორის: Clingendael Institute, Walking the Geopolitical Tightrope, July 2025; Jamestown Foundation, “Significant Economic Reliance on Russia Stunts Armenia’s Integration With West,” January 2024; Eurasianet, “Armenia Tax Records Tell Tale of Continuing Economic Dependency on Russia,” May 2024;
[15]IWPR, “Russian Energy Giant Captures Armenian Market,” 2014, https://iwpr.net/global-voices/russian-energy-giant-captures-armenian-market. [“This deal guarantees us access to the Armenian market for 30 years”] არაოფიციალური თარგმანი;
[16]“The Order of Honour of the Russian Federation was presented to the Catholicos of All Armenians,” 10 January 2023, https://www.armenianchurch.org/en/news/the-order-of-honor-of-the-russian-federation-was-presented-to-the-catholicos-of-all-armenians/10439;
[17]RFE/RL, “Pashinian vs. The Catholicos: What’s Behind The Armenian Prime Minister’s Campaign Against The Church?,” 21 December 2025, https://www.rferl.org/a/pashinian-catholicos-garegin-armenia-conflict/33629278.html;
[18]U.S. Department of the Treasury, Office of Foreign Assets Control, “Treasury Targets Key Figures Undermining Democracy in Georgia,” December 27, 2024, https://home.treasury.gov/news/press-releases/jy2771. [“efforts to undermine democratic processes in Georgia in favour of the Russian Federation”] არაოფიციალური თარგმანი;
[19]V-Dem Project, Varieties of Democracy Dataset v14, Liberal Democracy Index, Georgia: 0.520 (2018) → 0.328 (2024), https://v-dem.net/data/;
[20]Freedom House, Freedom in the World, Georgia country reports: score 73/100 (2012) → 51/100 (2025), https://freedomhouse.org/country/georgia/freedom-world/2025;
[21]Svante Cornell, “Bidzina Ivanishvili: Governing from the Shadows,” CACI Analyst, Central Asia-Caucasus Institute, Johns Hopkins University SAIS, 2025, http://www.cacianalyst.org/resources/Ivanishvili.pdf.;
[22]EUvsDisinfo, “Russian Scripts, Georgian Voices,” East StratCom Task Force, EEAS, 29 August 2025, https://euvsdisinfo.eu/russian-scripts-georgian-voices-how-disinformation-targets-the-countrys-western-allies-the-us-eu-and-uk-in-georgia/.;
[23]Isabella Wilkinson and Tamar Dekanosidze, “Georgia Must Bolster Resilience to Information Warfare”, Chatham House, 14 March 2022, https://www.chathamhouse.org/2022/03/georgia-must-bolster-resilience-information-warfare.;
[24]EUvsDisinfo, “Still at War: Russia’s Disinformation Targeting Ukraine,” 7 November 2022, https://euvsdisinfo.eu/still-at-war-russias-disinformation-targeting-ukraine/. [“predominantly targeting Russian domestic audiences”] არაოფიციალური თარგმანი;
[25]Sergei Guriev et al., “The Effect of Propaganda on Russian Attitudes toward the War in Ukraine,” pre-registered survey experiment conducted in Russia, February 2021, published in Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS). შეჯამება ხელმისაწვდომია: https://pdfs.semanticscholar.org/f806/dc3d2f48998fe8fba507a4a494216af71593.pdf;
[26]Timothy Snyder, “The Sadness of Sloviansk,” Substack, 12 April 2022, https://snyder.substack.com/p/the-sadness-of-sloviansk.;
[27] Keir Giles, Russian Cyber and Information Warfare in Practice: Lessons Observed from the War on Ukraine, Chatham House, December 2023, https://www.chathamhouse.org/2023/12/russian-cyber-and-information-warfare-practice/04-information-confrontation-human-effects.
გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.